LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren F1 რეკორდულ თანხად გაიყიდება

171

Bonhams-ის აუქციონზე გეგმავენ, რომ სუპერქარი McLaren F1 12-15 მილიონ ფუნტად გაყიდონ. ვაჭრობის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული თანამედროვე სერიული ავტომობილი, რაც კი ოდესმე აუქციონიდან გაყიდულა. აუქციონი აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

McLaren F1 1992-1998 წლებში გამოდიოდა. ის 6,1 ლიტრის მოცულობის V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 636 ცხენის ძალას ავითარებს. ას კილომეტრს 3,2 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 372 კილომეტრ/საათი აქვს. 2005 წლამდე McLaren F1 მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის ტიტულს ფლობდა.

ეკზემპლარი, რომელიც აუქციონიდან გაიყიდება კონვეირიდან 1995 წელს გამოვიდა და რიგით 37-ე იყო გამოშვებული 64-დან. სუპერქარი ვერცხლისფერშია გადაწყვეტილი და სალონის შავ-ნაცრისფერი გაწყობა აქვს. ავტომობილის გარბენი 15 500 კილომეტრია.

მაკლარენის ამჟამინდელმა მფლობელმა ავტომობილი 1996 წლის ივლისში შეიძინა და მაშინვე ევროპაში სამოგზაუროდ გაემართა და გარბენის ნახევარი სწორედ ასე დაფარა.

ამის შემდეგ ავტომობილი შემოწმებისთვის ისევ ქარხანაში დაბრუნდა, შემდეგ კი აშშ-ში გააგზავნეს. სულ ამერიკაში შვიდი მოდელი გაიგზავნა და ერთი მათგანი ილონ მასკს ეკუთვნოდა.

ამ მომენტისთვის, თანამედროვე სერიულ ავტომობილებს შორის ვაჭრობის რეკორდი McLaren F1-ს ეკუთვნის, რომელიც აუქციონიდან 13 მილიონად გაიყიდა. ყველაზე ძვირადღირებულ ბრიტანულ ავტომობილად კი Jaguar D-Type მიიჩნევა, რომელმაც ლე-მანის რბოლა მოიგო და გასულ წელს 21 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები