„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და 4 წევრი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ „დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.“
„ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების“ ნარჩენებით პარტიის გავსება, რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია“ – ნათქვამია განცხადებაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ „ლევან ხაბეიშვილმა, აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა, იმის გამო, თუ რა კრიზისშიც შეიყვანა პარტია“.
ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ