ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია.
ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კოვიდის შემთხვევების ზრდა სადღესასწაულო შეკრებებმა და ახალი ვარიანტის JN.1-ის გავრცელებამ გამოიწვია.
გებრეისუსის შეფასებით, სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მიუღებელია. ჯანმოს ხელმძღვანელი მთავრობებს მოუწოდებს, ეპიდვითარებაზე დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ:
„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა გებრეისუსმა.
მისივე თქმით, კოვიდის ახალი ვარიანტი JN.1 მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.