LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა ირანელი ბიზნესმენების მოსაზიდად მუშაობას ააქტიურებს

85

აჭარა ირანელი ბიზნესმენების მოსაზიდად მუშაობას ააქტიურებს. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ბატონ ჰოსეინ მაშჰადის შეხვედრის შემდეგ ზურაბ პატარიძემ განაცხადა.

როგორც ”ფორტუნას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ზურაბ პატარაძემ და ჰოსეინ მაშჰადმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს.

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. აგრეთვე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე უნივერსიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმების გამართვა რეგიონულ ჭრილში. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ირანელი ბიზნესმენების მოზიდვას, ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვას, ერთობლივი საწარმოების დაარსებას. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ირანთან, რომელიც არის დიდი კულტურის და ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. ვფიქრობ, ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც რეგიონულ ჭრილში ჩვენ შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღმავდება და იქნება ნაყოფიერი”, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, ირანი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g