,,აჭარა ჯგუფი” ბათუმში სასტუმრო Crowne Plaza-ს ნაცვლად Rooms Hotel Batumi-ს გახსნას განიხილავს.
როგორც ,,ფორტუნას” ,,აჭარა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, ჯერჯერობით, კვლავ Crowne Plaza-ს მშენებლობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ზაფხულში იქნება მიღებული.
,,არ აქვს მნიშვნელობა Rooms-ი იქნება თუ Crowne Plaza, ორივე შემთხვევაში, ყველა ტექნიკური სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებით იქნება ჩატარებული. არ იცვლება არც ინვესტიციის ოდენობა. უბრალოდ, თუკი გადაწყდება, რომ არ იქნება უცხოური ბრენდი, აღარ გადავიხდით ფრენჩაიზის საფასურს”, – განაცხადა ვალერი ჩეხერიამ და აღნიშნა, რომ ზაფხულშივეა დაგეგმილი სასტუმროს გარკვეული ნაწილის გახსნა. სრული დატვირთვით კი სასტუმრო წლის ბოლოდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ბათუმში, გოგებაშვილის 10 ნომერში პრემიუმ კლასის სასტუმრო Crowne Plaza-ს მშენებლობა მიმდინარეობს. მის ადგილას სასტუმრო Holiday Inn-ის გახსნა იგეგმებოდა, რომელიც 2015 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა კომპანია „აჭარა ჯგუფმა“, ჩატარებული კვლევის შედეგად, უფრო მაღალი კლასის სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა.
ამ ეტაპზე კი, კომპანია Crowne Plaza-ს ქართული ბრენდით Rooms Hotel-ით ჩანაცვლებას განიხილავს.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ დოლარს აჭარბებს.