LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა გრძელდება – მედიაკოალიცია

103
11633497643644741035706269153440594452755610n

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს.

გუშინ ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის მხარდამჭერებმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება – მიუღებელია.

ხელმძღვანელობამ თანამშრომლები ტელევიზიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გაათავისუფლა.

შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება 30 ივლისს ჩააბარეს.

აჭარის მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგში“ კოლეგების გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. გიორგი არობელიძემ ეთერში თქვა, რომ გათავისუფლებულები ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებლები არიან, რომელიც „ახალი მენეჯმენტის პარტიულ დღის წესრიგს არ ეგუება“.

გადაცემა „ჰეშთეგმა“ ეთერი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. მანამდე კი თქვეს, რომ პროტესტი იქნება რადიკალური და ამ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არავინ აპირებს.

 

ფაქტს გამოეხმაურა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“, რომელმაც განცხადება გაავრცელა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება

2020 წლის 30 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის სამი თანამშრომელი. მათ შორის არიან, ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლები- შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გადაცემა„ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი ბაჩო გურაბანიძე. ასევე გათავისუფლებულია მემონტაჟე გუგა ქადიძე.

მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად თანამშრომელთა შორის დაპირისპირება სახელდება. თუმცა როგორც თავად ერთ-ერთი გათავისუფლებული პირი, ბაჩო გურაბანიძე განმარტავს „ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ინციდენტის გამო მიღებული. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ინციდენტში ფიგურირებს იმ აქციის თემა, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ აჭარის მაუწყებლის წინ, 26 ივნისს. შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მოტივი ჩვენი [იგულისხმება გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე] სამსახურიდან გათავისუფლების. ამისთვის გამოინახა შესაბამისი მიზეზი და დაგვითხოვეს სამსახურიდან.“

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, უკიდურესად კრიტიკულად ვაფასებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს და შეიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს. მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები