LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანი ფაქტობრივად გადის მოწამეობრივ გზას” – ექიმების აქცია აშშ-ის საელჩოსთან

6829
1

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ქართველმა ექიმებმა მორიგი აქცია აშშ-ის საელჩოსთან გამართეს.

მათ ელჩს, კელი დეგნანს მიმართეს და მოუწოდეს, პრობლემის მოგვარებაში შტატების სხვადასხვა უწყება ჩაერთოს.

დეგნანს სპეციალური წერილით კლინიკების ასოციაცია მიმართავს.

მიმართვის ნაწილი ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ წაიკითხა:

“მოგმართავთ თხოვნით, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება.

ამავე დროს გთხოვთ, უშუალოდ მოახდინოთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და დაგვეხმაროთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, ან საუკეთესო შემთხვევაში, გადაყვანილი იქნას გერმანიაში, შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კლინიკაში, მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით”, – განაცხადა პაჭკორიამ.

კიდევ ერთი ექიმის განმარტებით:

“ადამიანი ფაქტობრივად გადის მოწამეობრივ გზას, ამდენად, მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს მასზე ასეთი ზეწოლა, სასტიკი და წამების ტოლფასი და მიეცეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება”.

ექიმების თქმით, იქ სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, შეუძლებელია იმ დახმარების აღმოჩენა, რაც სჭირდება დარაც უკვე დაგვიანდა.

“რომ დასჭირდეს რაიმე დახმარება გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, არითმიები, ხელოვნური დიალეზის აპარატი ხელოვნურ თირკმელზე და, მით უმეტეს, ღმერთმა ნუ ქნას თავის ტვინზე, ამას მოკლებულები ვართ, ამას ვაპროტესტებთ”, – აცხადებენ ექიმები.

შეგახსენებთ, სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ექიმებმა აქცია 9 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართეს და პრემიერ-მინისტრს წერილობითი მიმართვა შეუგზავნეს.

“ექიმები მიშას სიცოცხლის გადასარჩენად” – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ექიმების აქცია გაიმართა