LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB კლიმატის ცვლილების დაფინანსებისთვის მილიარდების მოსაზიდად ახალ პროგრამას იწყებს

123
10521-adb-headquarters-gate

„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) დღეს განაცხადა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატისთვის ინოვაციური ფინანსური პროგრამის იფ-კაპის (IF-CAP) შექმნის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს რეგიონს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ინფორმაციას „აზიის განვითარების ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამის შესახებ განცხადება ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ინჩეონში ADB-ის 56-ე ყოველწლიური შეხვედრის გახსნის დღეს გააკეთა.

„კლიმატის ცვლილება ჩვენი ცხოვრების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და აქ, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში თავსდამტყდარი სტიქიური მოვლენები დროთა განმავლობაში გახშირდება და გაძლიერდება, ამიტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ახლავე უნდა გადავდგათ. იფ-კაპი საინტერესო, ინოვაციური პროგრამაა, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს. ეს ADB-ის, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია“, – განაცხადა მან.

ADB-ის ცნობით, იფ-კაპის პირველი პარტნიორები არიან დანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

„პარტნიორები ADB-თან ერთად განიხილავენ შესაძლებლობებს უზრუნველყონ პროგრამა პროექტის მოსამზადებლად განკუთვნილი გრანტებითა და ADB-ის სუვერენული სასესხო პორტფელისთვის საჭირო გარანტიებით. გარანტიების მეშვეობით შემცირებული რისკები ADB-ის საშუალებას მისცემს გამოათავისუფლოს კაპიტალი კლიმატის პროექტებზე ახალი სესხების გასაცემად. მოდელის „$1-ის ჩადება, $5-ის გაცემა,“ პირველადი ამბიციაა გარანტიებად 3 მილიარდი აშშ დოლარის ($) გამოყოფა, რაც $15 მილიარდს გამოათავისუფლებს ახალი სესხებისთვის. ეს კი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის პროექტების დასაფინანსებლად უმნიშვნელოვანესია. მრავალმხრივი განვითარების არც ერთ ბანკს კლიმატის დაფინანსების მიზნით აქამდე არასდროს გამოუყენებია კონტრიბუციით უზრუნველყოფილი გარანტიების მექანიზმი.

იფ-კაპის დაფინანსება წვლილს შეიტანს ADB-ის გაზრდილ ამბიციაში 2019-2030 წლებში საკუთარი რესურსებიდან $100 მილიარდით დააფინანსოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. კლიმატის ინვესტიციების მკვეთრი ზრდის მიზნით ADB მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ პარტნიორებთან, როგორიცაა ორმხრივი და მრავალმხრივი წყაროები, ფონდები, კერძო სექტორი და ფილანტროპები, მათ შორის ენერგეტიკის მსოფლიო ალიანსი ხალხისა და პლანეტისთვის.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები