LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივ კურორტებზე რუსების დიდი რაოდენობით თავმოყრის გამო, ქართველების ნაწილი დასასვენებლად სხვაგან წასვლას გეგმავს

742
296957774_2133742436785337_7541390326378974064_n

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ძირითადად, ზაფხულის სეზონს და დასვენების საკითხს ეხებოდა, მოსახლეობის 40%-ისთვის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის მანძილზე გაუარესდა.

„დასვენების სეზონისთვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური მზაობის შესაფასებლად, უპირველესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ – მოსახლეობის 40%-ზე მეტი ამბობს, რომ პირადად მათი და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად, ან მეტწილად გაუარესდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მოსახლეობის მოლოდინებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აქაც საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევრის (45%) თქმით, მოვლენები საქართველოში მკაფიოდ ან მეტწილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს კი მათ აღქმაში ფინანსური რისკებისგან დაუცველობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ყოველ მეორე ადამიანს საქართველოში ზაფხულში დასვენების გეგმა არ გააჩნია

კვლევის შედეგების თანახმად, შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების მიუხედავად, მოსახლეობის 40% ამ ზაფხულს დასასვენებლად გამგზავრებას გეგმავს, ხოლო უფრო მეტს (55%) ასეთი გეგმა არ გააჩნია. ამასთან, ადამიანთა რაოდენობა, ვინც დასასვენებლად გამგზავრებას აპირებს, ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება – დასასვენებლად წასვლა 2.3-ჯერ მეტ ახალგაზრდას (18-34 წლის) აქვს დაგეგმილი მაღალი ასაკობრივი ჯგუფის (55+) წარმომადგენლებთან შედარებით (54% და 24%, შესაბამისად). ასევე, აღსანიშნავია, რომ დასასვენებლად გამგზავრებას დედაქალაქის მცხოვრებთაგან გაცილებით მეტი ადამიანი გეგმავს (56%), რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით (1/3-ზე ოდნავ მეტი). დაგეგმილი დასვენების ხანგრძლივობა მეტწილად 1-2 კვირით შემოიფარგლება (65%).

მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასვენებას საკუთარ, ან ახლობლის აგარაკზე გეგმავს

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის დასვენებას გეგმის მქონე სეგმენტიდან 58% დასვენებას საკუთარ, ან ახლობლის აგარაკზე გეგმავს, 40%-ზე მეტი – საქართველოს ზღვის, ხოლო 23% – საქართველოს მთის კურორტებს განიხილავს. ქვეყნიდან გასვლას დასვენების მიზნით გამოკითხულთა მხოლოდ 16% აპირებს. კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების დიდი ნაწილი (60%), ვინც ზაფხულის გატარებას საკუთარ სახლებში გეგმავს, მიზეზად დასვენებისთვის საკმარისი ფინანსების არქონას ასახელებს. დანარჩენი ნაწილი კი ამბობს, რომ დასვენებაზე უარის თქმა პირადი მიზეზების (27%) ან შვებულების არქონის (9%) გამო უწევთ.

მოსახლეობის 8%-ზე მეტი დასვენების მიზნით ქვეყნიდან გასვლას ადგილობრივ კურორტებზე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით თავმოყრის გამო გეგმავს

მათგან, ვინც დასვენებას საზღვარგარეთ გეგმავს, ყოველი მეოთხის არჩევანს, ადგილობრივი კურორტების ფასებთან შედარებით, დაბალი ფასები განაპირობებს. 10-დან 1 მოქალაქე კი საზღვარგარეთ დასვენებას ფასისა და ხარისხის საუკეთესო შესაბამისობის გამო წყვეტს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველთა ყველაზე დიდი ნაწილი (42%) საკუთარ არჩევანს უცხო ქვეყნის ნახვის სურვილს უკავშირებს. ყოველი მესამე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენებას გეგმავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ მათი მეგობრები, ნათესავები ან ახლობლები ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მოსახლეობის 8%-ზე მეტი დასვენების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის მიზეზად საქართველოს კურორტებზე რუსი ეროვნების ტურისტების დიდი რაოდენობით თავმოყრას ასახელებს.

ასევე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კვლევის მონაცემების თანახმად, დასასვენებლად წასვლას მიმდინარე წელს 10%-ით ნაკლები ადამიანი გეგმავს წინა წლებთან შედარებით (38.1% და 48.6%, შესაბამისად)“, – წერია „ეისითის“ ანგარიშში.

ცნობისთვის, „ეისითიმ“ მოსახლეობის გამოკითხვა ტურიზმის საკითხებზე 2022 წლის 11-16 ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 800-ზე მეტმა, 18+ ასაკის შემთხვევითად შერჩეულმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები