ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ უქმე დღეებში, 2 დღით დატოვა. ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის უფლება მსჯავრდებულს პენიტენციური კოდექსის შესაბამისად გააჩნია.
„პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუძლია დატოვოს დაწესებულება დასვენებისა და უქმე დღეებში. დავით სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაკავება მოხდა 09/12/2025 წელს, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს 09/06/2026 წელს.
ამავე კოდექსის თანახმად, დათუნა სულიკაშვილს მიეცა შესაძლებლობა ორი დღით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება და იმყოფებოდა სახლში“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სულიკაშვილს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.
დიზაინერი სამართალდამცავებმა 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
