„ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე არ დაიკითხება, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს“, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა განაცხადა.
ე.წ აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ [7-9 მარტი] აქციებზე დაკავებული გრიგორიადისის ინტერესების დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.
ადვოკატმა ამის თაობაზე ჟურნალისტებთან, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა:
„ბრალეულობა არ მტკიცდება, არ შეიძლება, რომ ლაზარე გამტყუნდეს, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით“ - ლაზარე გრიგორიადისის დედა
„როგორ განაჩენს გამოიტანენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ“.
„ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს.
დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“. – განაცხადა თათია მანიჟაშვილმა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
„მადლობა ლაზარე“ – სამოქალაქო აქტივისტებმა გრიგორიადისის სასამართლო სხდომაზე პლაკატები გაშალეს
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გრიგორიადისის ბაბუა: „თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“