მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე არ გადაიყვანენ – ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების შემდეგ განაცხადა და თქვა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.
„1 საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული.
არათუ არ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანას, არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას პროცესში. მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა პროცესზე სასამართლოში“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.