ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის ისრაელში დაკარგული თამარ გოლდენბერგი, რომელიც საქართველოს მოქალაქის შვილია და ისრაელშია დაბადებული.
ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.
„მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში. გუშინ შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო ცენტრალურ ისრაელში, თუმცა აშკელონში და აშდოდში, ისევე როგორც ბეერშევაში, იყო საჰაერო თავდასხმები. ისრაელის საჰაერო თავდაცვას მოგერიებული აქვს თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა. საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ არის შემოსული.
ერთადერთი, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის თამარ გოლდენბერგის კვალი. ის არის საქართველოს მოქალაქის შვილი, ისინი აფხაზეთიდან არიან, 30 წლის წინ ჩამოვიდნენ. თამარი აქ არის დაბადებული, მისი კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია. ეს არის ინფორმაცია, რასაც მის შესახებ ვფლობ. დღეს არის დაკრძალვა ქართველი ებრაელი ვაჟკაცის, მოშიაშვილის, რომელიც ბრძოლის დროს დაეცა გმირულად. მისი ძმა 2014 წელს, სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ჩვენი ქართველი ებრაელების ოჯახში ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.