აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი მიმდინარე კვირის სესიაზე რუსეთს ბიჭვინთის ნაკრძალს და საზღვაო აკვატორიას 49 წლით გადასცემს. ინფორმაციას „აფსნიპრესზე“ დაყრდნობით სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს.
„აფსნიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში შამბა წერს, რომ ბიჭვინთის პარკი რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს.„ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემა, რომლის სამზადისიც მიმდინარეობს, არა მხოლოდ ჩვენი მოკავშირის, მეზობლის მიმართ დიდი მადლიერების გამოხატვის ფორმაა, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური კავშირის განმტკიცებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“, – წერს შამბა.
ცნობისთვის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი საბჭოთა ლიდერების საზაფხულო რეზიდენცია იყო, სადაც ისტორიული მოვლენებიც ხდებოდა. საერთო ჯამში, აფხაზეთში საბჭოთა ლიდერების ხუთი სახელმწიფო აგარაკია, მათ შორის არის სტალინის აგარაკიც.