LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებელზე ALDO და F&F დაიხურა: გამზირი ბრენდებისთვის მიმზიდველი აღარ არის?

აღმაშენებლის გამზირს საერთაშორისო ბრენდები ტოვებენ და მათ ადგილს თურქული კაფე–ბარები იკავებენ.

ბოლო თვის განმავლობაში გამზირზე რამდენიმე მაღაზია დაიხურა მათ შორის ALDO და F&F.

 

ALDO მაღაზიის დახურვის მიზეზად ლოკაციას ასახელებს

ფეხსაცმლის საერთაშორისო ბრენდმა ALDO-მ აღმაშენებლის გამზირზე 2 კვირაა, რაც ფილიალი დახურა. როგორც კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში ამბობენ, მიზეზი არც ფინანსური კრიზისი და არც მომხმარებლების შემცირებაა. ფილიალის დახურვა კომპანიამ მხოლოდ ადგილმდებარეობის გამო გადაწყვიტა.

„ალდო თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომდგენლის თქმით, მომხმარებლების მოთხოვნა „ალდოს“ პროდუქციაზე კვლავინდებურად მაღალია და გარდა სამი ოფიციალური ფილიალისა, თბილისში „ალდოს“ მაღაზიები კიდევ გაიხსნება.

„აღმაშენებლის გამზირზე ფილიალის დახურვის გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო და ამის მიზეზი გახდა მაღაზიის ლოკაცია. ბრენდი მომავალში გეგმავს გაფართოვებას, თუმცა არა აღმაშენებლის გამზირზე. სხვა ცვლილებები არ იგეგმება, გარდა ფილიალის ლოკაციის შეცვლისა“, – განმარტა „ალდო თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.

 

გამზირზე F&F-ის მაღაზიაც დაიხურა

თითქმის 1 თვეა, რაც აღმაშენებლის გამზირზე, ტანსაცმლის ბრენდი F&F-იც დაიხურა. თბილისი მოლის ფილიალის მენეჯერის განცხადებით, აღმაშენებელზე მაღაზიის დახურვის მიზეზი „გარკვეული პრობლემები“ გახდა.

კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში ამ პრობლემებზე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ბრენდი საქართველოში უახლოეს მომავალში, სხვა ცვლილებებს აღარ გეგმავს.

„საქართველოში ახალი ფილიალი აღარ გაიხსნება და თბილისის მასშტაბით, F&F მხოლოდ თბილისი მოლში იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა „ფორტუნასთან“ თბილისი მოლის ფილიალის მენეჯერმა.

 

ბრენდულ მაღაზიებთან ერთად იხურება მცირე ბუტიკებიც

ბრენდული მაღაზიების გარდა, დაიხურა მცირე ბუტიკებიც. ზოგიერთი მათგანის ადგილზე კი უკვე დაწყებულია თურქული კაფეებისა და საკვები ობიექტების მოწყობა.

დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი 2016 წლის 25 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი წარმოადგენს პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველ ეტაპს და იმავე პროექტის ფარგლებში 2017 წელს, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.

ფაქტია, რომ აღმაშენებლის გამზირის ორივე მხარე ახლდება, ერთი საფეხმავლო ქუჩად გადაკეთდა, რომელიც კაფეებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, ხოლო მეორე მხარე, რომელიც ძირითადად Shopping ქუჩა იყო, თურქული სამზარეულოსა და ტკბილეულის მოყვარულთათვის მიმზიდველი ხდება.

 

ALDO და F&F – ბრენდები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ

ფეხსაცმლის საერთაშორო ბრენდი „ალდოს“ დამფუძნებელი, დღესდღეობით მილიარდერი (1.7 მლრდ. – forbes.com ) მაროკოელ-ფრანგი ბიზნესმენი ალბერტ (ალდო) ბენსადუნია.

მან ფეხასაცმლების ბრენდი 1972 წელს დააარსა და უკვე 6 წელიწადში კანადის მასშტაბით100 ზე მეტი მაღაზია გახსნა. მოგვიანებით ის გასცდა კანადის საზღვრებს და აშშ-ის ტერიტორიაზე გახსნა ფილიალები,რომელთა რაოდენობამ 9 წელიწადში 125 ერთეულს გადააჭარბა.

კომპანიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ნაბიჯი იყო ისრაელში ფილიალისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ფუნქციონირების ლიცენზიის მოპოვება, თუმცა უმთავრეს ტრამპლინს წარმოადგენს 2002 წელი და „ალდოს“ შესვლა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.  კანადური კომპანიის ნაწარმმა იმდენად მოხიბლა „ნისლიანი ალბიონი“, რომ „ალდოს“ ფეხსაცმელი ყველაზე პატარა ქალაქების მაცხოვრებლებმაც მოირგეს.

კომპანია კიდევ უფრო ფართოვდება და გადის აზიის ბაზარზე, სადაც ხსნის სინგაპურის მსხვილ ფილიალს. 2004 წლისთვის „ალდომ“ მოიცვა ჩრდ.ამერიკის კონტინენტი, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია.

რაც შეეხება ბრენდის სტილს, ალდო ბენსადუნი მიიჩნევს რომ „მოდა სათავეს ქუჩაში იღებს“, ამიტომაც „ალდოს“ ფეხსაცმელი დიდწილად მორგებულია იმ ადამიანების გემოვნებაზე, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან ფეხით და ეწევიან აქტიური ცხოვრების წესს. ბრენდის ფეხსაცმლის მთავარი მახასიათებლები – ელეგანტურობა და მაღალი ხარისხია.

დღესდღეობით „ალდოს“ ფილიალები 1700-ზე მეტი მაღაზიით ფუნქციონირებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა.

საქართველოში “ალდო” რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და 3 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელის, Tesco-ს სამოსის ბრენდი უკვე წლებია მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. F&F 2001 წელს Tesco-ს ბაზაზე დაფუძნდა და 2007 წლიდან ცენტრალური ევროპის ბაზრის დაპყრობა დაიწყო – ჩეხეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში ამ დროისათვის პირველი მაღაზიები გაიხსნა. ამას მოჰყვა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, და 2013 წელს, 24 ქვეყანას შორის საქართველოც აღმოჩნდა. ბრენდის ძირითადი კონცეფცია ხელმისაწვდომი ხარისხია.

 

თამარ ჩიკვატია

magti 5g