დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე ყველა საჯარო დაწესებულების თანამშრომლები, მათ შორის, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აცრა ნებაყოფლობითია, არ არის ძალდატანებითი და მანდატურული, ვაქცინაციას ვერავის დააძალებენ, ამიტომ დასმულ შეკითხვაზე – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროფესორ-მასწავლებლების სრულად ვაქცინაცია ვერ მოხერხდა, გამყრელიძემ გვიპასუხა, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია.
„ჩვენ ვერავის ვერაფერს დავაძალებთ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მოწოდებები და ჩვენი თვითშეგნება აცრისკენ უნდა იყოს მიმართული. აცრის გარდა, ამ ეპიდემიას ვერაფერი დაამთავრებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული.
მაგალითს მოგიყვანთ – დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს, თანამშრომლების 61% -ია აცრილი. ამ თვის ბოლოს, აგვისტოში, მაქსიმუმი – 90 პროცენტამდე იქნება აცრილი, ამიტომ ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს და თავისი მიკროგეგმა შეიმუშაოს, ამ შემთხვევაში იქნება ეს – სკოლა, უნივერსიტეტი, რესტორანი თუ სხვა საჯარო დაწესებულება.
ყველას უნდა გვქონდეს გეგმა, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი იყოს აცრილი, ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, შეიძლება აცრილი იყო, მაგრამ მაინც დაგემართოს, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მსუბუქად დაგემართება და შესაბამისად, როცა აცრილი ხარ, სხვას ნაკლებად დააინფიცირებ, ანუ, არ გადასდებ, ამიტომ ესაა ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მედიის როლი კი ამაში, ძალიან დიდია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.