Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი საკუთარ სახლს აქირავებს, რომლის ფასიც 0 დოლარია. ბრაიან ჩესკის სან-ფრანცისკოში მდებარე სახლში ოთახი 2023 წლის მარტამდე უკვე დაიჯავშნა.
აღსანიშნავია, რომ ჩესკი სახლში ცხოვრებას განაგრძობს, შესაბამისად, ქირაში მასთან ერთად დროის გატარებაც შედის. სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ მილიარდერის მიერ გამომცხვარი ორცხობილები დააგემოვნონ.
ოთახის გაქირავების გადაწყვეტილება ერთგვარი სარეკლამო აქციაა, რადგან ჩესკის თქმით, თავის ვებგვერდზე განცხადება იმიტომ განათავსა, რომ მომხმარებელი სერვისის კომფორტულობასა და უსაფრთხოებაში დარწმუნდეს.
სტუმრებს სახლში queen-size-ის ზომის დიდი საწოლი, ორი გარდერობი, საწერი მაგიდა და სავარძელი დახვდებათ. ამასთან, მათ შეეძლებათ ისარგებლონ აბაზანით, სამზარეულოთი და მისაღებით.