ლეგენდარული ბრაზილიელი ავტომრბოლელის, აირტონ სენას სარბოლო ჩაფხუტი ონლაინ აუქციონზე 670 000 აშშ დოლარად (500 000 ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა.
საბოლოო ფასმა აუქციონის ორგანიზატორების მოლოდინს თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა – თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ჩაფხუტი 120 000 ფუნტზე მეტს არ მიაღწევდა.
ეს არის Shoei-ს ჩაფხუტი, რომელსაც სენა 1992 წლის ფორმულა 1-ის სეზონში სამი გრან-პრის დროს იყენებდა – ბრიტანეთის, გერმანიისა და უნგრეთის ეტაპებზე. სწორედ უნგრეთის გრან-პრიზე ამ ჩაფხუტით მან გამარჯვება მოიპოვა.
1992 წელი სენასთვის McLaren-ში გატარებული ბოლო სეზონებიდან ერთ-ერთი იყო. იმ პერიოდში ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას ცდილობდა. მანამდე სენა უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო, თუმცა იმ სეზონში ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო.

აუქციონზე წარმოდგენილი ჩაფხუტი სრულად ორიგინალურ მდგომარეობაში იყო შენარჩუნებული. მას კვლავ აქვს იმდროინდელი ოფიციალური ფერადი დიზაინი, რომლის ავთენტურობაც ფოტო არქივებით დადასტურდა.

ჩაფხუტზე ასევე შემორჩენილია რბოლებში გამოყენების კვალი – ნაკაწრები და მცირე დაზიანებები, რაც კოლექციონერებისთვის მის ისტორიულ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
ლოტს თან ჰქონდა McLaren-ის მიერ გაცემული ავთენტურობის ოფიციალური სერტიფიკატიც, რომელმაც ნივთის წარმომავლობა დაადასტურა.