ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა.
„ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ვიწყებთ თანამშრომლობას იტალიის მხარესთან . იტალია ინოვაციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ იტალიისგან“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ცერემონიაზე მან კონკურსში გამარჯვებული ორი ქართველი ახალგაზრდა ინოვატორი – გურამ ცირეკიძე და ნინო გრიგალაშვილი გამოავლინა, რომლებიც სამთვიან სტაჟირებას გაივლიან იტალიაში.
გიორგი ქობულიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქართველ ახალგაზრდა ინოვატორს და სტარტაპერს, საშუალება ეძლევათ, იტალიაში გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ძალიან მოწინავე ინოვაციურ კომპანიებში.
„ერთი მათგანი სტაჟირებას გაივლის Apple-ის ლაბორატორიაში, მეორე კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრში. ეს კონკურის მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ იტალიასთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში დაწყებული თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
დღესვე თბილისის ტექნოპარკში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ტარდება სემინარი თემაზე – „გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან – ბიზნესზე“, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა: მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. სემინარზე იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ინოვაციის სფეროს ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.