სადაზღვევო კომპანიამ „ვაიზერი“, რომელიც უკვე 100 ათასზე მეტ ადამიანს ემსახურება, ცოტა ხნის წინ ორი ახალი პროდუქტი წარადგინა – ერთი მათგანი მოგზაურობის მოყვარულებს, მეორე კი მცირე ზომის ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს დააინტერესებთ.
სოფო ლებანიძე, სადაზღვევო კომპანიის „ვაიზერი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
– მოგეხსენებათ, „ვაიზერად“ ქცევამდე ბაზარზე PSP დაზღვევის სახელით ვოპერირებდით. 15 წლის განმავლობაში დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება, შევიქმენით მყარი რეპუტაცია. კომპანიამ მომხმარებლების მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა იქიდან გამომდინარე, რომ ის ყოველთვის ემსახურებოდა რისკების გონივრულ მართვას და ყოველთვის მაღალ ხარისხზე ვიყავით ორიენტირებულები. მაგრამ ყოველთვის დგება დრო, როდესაც ახალი სიტყვის თქმა გიწევს საჭიროებებიდან გამომდინარე. გარშემო უამრავი რამ იცვლება და ამ ცვლილებებთან ბიზნესი, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ადაპტირდეს, უნდა მოუსმინოს მოთხოვნის ხმას და უნდა შეიმუშაოს ახალი ხედვა. სწორედ ეს იყო ჩვენი რებრენდინგის ინსპირაცია. დაგროვილი გამოცდილებით და დიდი მოტივაციით, რომ გარდაგვექმნა დაზღვევის ინდუსტრია საქართველოში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ PSP დაზღვევა ქცეულიყო „ვაიზერად“, სადაზღვევო კომპანიად გამბედავი ადამიანებისათვის.
ზოგადად, დაზღვევა და რისკები ცოტა კომპლექსური და რთული ცნებებია. ადამიანებს ყოველთვის გვიჭირს რისკებს თვალი გავუსწოროთ, რადგან ის, რაღაც ფორმით, ნეგატიურ მოვლენასთან არის ასოცირებული. როცა რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას ვიღებთ ან გადაწყვეტილების მიღების სურვილი გვაქვს, სწორედ რისკების შეფასების გამო, შეიძლება, ჩვენთვის საინტერესო გეგმაზე უარი ვთქვათ. ჩვენი ახალი კონცეფციით კი არცერთმა ადამიანმა არასდროს არაფერზე არ უნდა თქვას უარი, არ უნდა შეუშინდეს რისკებს, იმიტომ, რომ ამ რისკების მართვა და დაზღვევა ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ გვჯერა, რომ გამბედაობა ცვლის სამყაროს.
– გარდა იმისა, რომ ცდილობთ მოერგოთ ნებისმიერი ასაკის გამბედავ ადამიანებს, ასევე სხვადასხვა სეგმენტსაც თქვენი მომსახურებით. ამ თვალსაზრისით, ალბათ, უნდა გამოვყოთ სამოგზაურო დაზღვევის ახალ პლატფორმა, რომელიც ცოტა ხნის წინ წარადგინეთ და რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. რას მოიცავს ეს პლატფორმა?
– თავგადასავალი ძალიან დიდი გამბედაობაა, ხომ? და თავგადასავალს სად ვეძებთ ადამიანები, თუ არა მოგზაურობის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრენდის კონცეფციაში ლოგიკურად ხვდება ის, რომ იმ ადამიანების რისკების მართვა გვსურს, რომლებიც ეძებენ თავგადასავალს, მიდიან სამოგზაუროდ. შესაძლოა, ამ მოგზაურობის დროს რაიმე სახის უსიამოვნება მოხდეს და ამ რისკის მართვა ჩვენი, როგორც სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა იქნება. 15 წლის განმავლობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა სამოგზაურო დაზღვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში გავშალეთ ჩვენი შესაძლებლობები და უკვე პირველი იანვრიდან ვემსახურებით არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამოგზაუროდ საზღვარგარეთ მიდიან, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოში ვიზიტორების სტატუსით ჩამოდიან.

– მით უფრო, რომ საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო გახდა უცხოელი ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევა.
– დიახ, ეს რეგულაცია 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობთ სახელმწიფო რეგულაციას მინიმალური დაფარვის კუთხით, მაგრამ სხვა საჭიროებებიც გავითვალისწინეთ. კერძოდ, როდესაც ტურისტი ჩამოდის, იგი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობს ნეგატიურ ასპექტებზე (რომ შეიძლება დასჭირდეს სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო საშუალებები ან რაიმე მსგავსი), იგი ჩამოდის იმისთვის, რომ მიიღოს სიამოვნება, აღმოაჩინოს საქართველო მისი უნიკალური ტურისტული პოტენციალით, აქედან გამომდინარე, სადაზღვევო პოლისში უშუალოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული საინტერესო პროდუქტები დავამატეთ. 100-მდე კომპანიაა ჩვენი პარტნიორი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ ვიზიტორების დაზღვევის პროდუქტს ვყიდით. ნებისმიერი პოლისის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდა იმ სავალდებულო დაზღვევის ნაწილისა, რაც გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა, დამატებით მიიღებს სხვადასხვა ტიპის შეღავათს გასტრონომიის, სილამაზის, ჯანმრთელობის და ბევრი სხვა მიმართულებით.
– რამდენად მარტივია ამ პლატფორმით სარგებლობა?
– ზოგადად, ჩვენი კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი გახლავთ ძალიან მარტივად მოწყობილი. აქ ადვილად იპოვით სამოგზაურო დაზღვევის კატეგორიასაც და ღილაკს, რომლის მეშვეობითაც, რამდენიმე ოპერაციის შესრულებით (ალბათ, ორი წუთიც კი არ იქნება საჭირო), ონლაინ შეიძენთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისს.
– ყურადღება ასევე შევაჩეროთ „ვაიზერის“ კიდევ ერთ ახალ პროდუქტზე – 5-10 თანამშრომლიანი კომპანიებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობაზე.
– 15 ოქტომბერს, როდესაც PSP დაზღვევა გარდაიქმნა „ვაიზერად“ და ჩვენი დანაპირები, რომ დავაზღვევდით ყველაფერს, აუცილებლად შესრულდება. 15 ოქტომბრის შემდეგ არაერთი ახალი პროდუქტი გამოვიტანეთ ბაზარზე (მათ შორის, ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა, ავტომფლობელების დაზღვევა) იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი სურვილი გააჩნია, რომ მათი ნებისმიერი რისკი იყოს მართული, ეს ინტერესები იქნება ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ამ ახალ პროდუქტს, ეს არის მცირე ზომის ორგანიზაციებისთვის ჯანმრთელობის რისკების დაზღვევის პროდუქტი. დღეს საქართველოში საკმარისადაა დაცული დიდი ორგანიზაციების სამედიცინო რისკები, მაგალითად, 100 და მეტი დასაქმებული პირი თუ არის ორგანიზაციაში, მათ ძალიან კარგი სადაზღვევო პროდუქტების შეძენა შეუძლიათ. თუმცა მცირე ზომის ორგანიზაციებს ჰქონდათ გარკვეული შეზღუდვები, რადგან რისკების მართვა მცირე ზომის ორგანიზაციებში ბევრად უფრო რთული და კომპლექსურია, ვიდრე დიდი ზომის ორგანიზაციებში. მაგრამ ჩვენ არ შევუშინდით ამ ფაქტორსაც და მივწვდით ყველა დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც ჯანმრთელობის რისკების მართვა არის მნიშვნელოვანი. ამ სეგმენტს ვთავაზობთ დაზღვევის საკმაოდ კარგ პაკეტს. აქვე მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ვერიდებით ე.წ. იაფი, დაბალი ხარისხის ან არასწორი დაფარვის სადაზღვევო პროდუქტების გატანას ბაზარზე, რადგანაც ჩვენი ხედვაა, რომ უმჯობესია ადამიანი იყოს კარგად დაცული და ჰქონდეს მაღალი ხარისხის მომსახურება, ვიდრე დაბალი ფასით იყოს შეცდომაში შეყვანილი. მცირე ზომის ორგანიზაციებს ნამდვილად სჭირდებათ კარგი სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი და ვფიქრობთ, მათ მოლოდინს აუცილებლად გავამართლებთ.