LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი, განსაკუთრებული პროგრამა და მსოფლიო რანგის საერთაშორისო წარმოდგენები თბილისის თეატრალურ მოედნებზე“ – 3-15 ნოემბერს თბილისი რიგით 27-ე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

448
ფესტივალი

2 ნოემბერს, 17:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გეპატიჟებათ ფესტივალის გახსნით პრეს-კონფერენციაზე და საჯარო შეხვედრაზე ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერთან, საფრანგეთის სახელმწიფო ორდენოსანთან, ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის, „OBIE“ პრემიის, ოქროს ნიღბის და ოთხჯერ მის შემოქმედებით კარიერაში ლორენს ოლივიეს ჯილდოს მფლობელ ინგლისელ კინოსა და თეატრის რეჟისორთან, დეკლან დონელანთან.

შეხვედრას რუმინელი თეატრის მკვლევარი და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, თეატროლოგიის დოქტორი ოქტავიან საიუ გაუძღვება.

შეხვედრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში გაიმართება.

„დიალოგი მიეძღვნება ანტიკურ დრამას და ოცდამეერთე საუკუნის თეატრალურობას. ვისაუბრებთ სოფოკლეს „ოიდიპოსსა“ და მის გააზრებაზე ჩვენს რეალობაში, რაც უაღრესად საინტერესო თემაა, ათენური დემოკრატიის დროიდან –  ჩვენს მღელვარებით სავსე ეპოქამდე“, – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიგით 27-ე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, როგორც ყოველთვის, ფესტივალი თბილისის თეატრალურ მოედნებზე მსოფლიო რანგის საერთაშორისო წარმოდგენებს უმასპინძლებს.

„წელსაც, ქართველ ხელოვანებს, სტუდენტებს, მოგზაურებს, ჟურნალისტებსა და ფესტივალის ერთგულ მაყურებელს ეპოქალური მნიშვნელობის ხელოვანებთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა  ექნებათ.

ფესტივალის პრესტიჟული ჯილდო – მიხეილ თუმანიშვილის პრემია „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ –  2024 წელს გადაეცემა გამოჩენილ ინგლისელ რეჟისორს დეკლან დონელანს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, მათ შორის ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის სახელმწიფო ორდენები, ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომი, “OBIE” პრემია, და ოთხი ლორენს ოლივიეს ჯილდო. ასევე, ჯილდოს მფლობელები გახდებიან გიორგი მარგველაშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, და მუსიკოსი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე.

ფესტივალს გახსნის FOCUS ROMANIA პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლი „ოიდიპოს მეფე“ (სოფოკლეს მიხედვით), რომელიც ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა დეკლან დონელანმა კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნული თეატრში დადგა. დადგმის მხატვარი და სცენოგრაფია ნიკ ორმეროდი, თეატრალური კომპანიის Cheek by Jowl თანა-დამაარსებელი და დეკლან დონელანის თანამოაზრე და მისი უცვლელი პარტნიორ. წარმოდგენა გაიმართება აბრეშუმის ქარხნის დიდი სტუდიაში. (სპექტაკლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუდიტორიაში მხოლოდ დასადგომი ადგილებია).

ასევე FOCUS ROMANIA ფარგლებში 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ წარმოგიდგენთ რუმინელი თეატრის მკვლევრის, ოქტავიან საიუს წიგნის პრეზენტაციას, „ფედრა, ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“.  წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით. ავტორი თავად წარუდგენს წიგნს მაყურებელს.

მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ფესტივალის წლევანდელი აფიშისთვის შერჩეულია პენსილვანიელი მხატვრის, ჯორჯ ვოლფ პლანკის ილუსტრაცია „მთვარე და სარკე“, რომელიც ხშირად წარმოადგენს ანარეკლის სიმბოლოს. ამ სიმბოლიკას ხშირად აკავშირებენ ინტროსპექციასთან, საიდუმლო ემოციებისა და ქვეცნობიერის ამოხსნასთან მსოფლიო ხელოვნებაში. ამასთან, მას თვითრეფლექსიის, თანამედროვე პროცესების ინტროსპექციის და რეალობის ასახვის აღმნიშვნელიცაა. ეს თემა კი ზუსტად ეხმიანება წლევანდელ ფესტივალის პროგრამას.  ასახავს თუ არა თანამედროვე ხელოვნება სინამდვილეს? მთავარ სათქმელს? დღევანდელობას? ამ საკითხის შესწავლამ გამოავლინა 2024 წლის ფესტივალის პროგრამით წარმოდგენილი დადგმების საერთო თემები და ისტორიები.

ამ მხრივ მეტად საყურადღებოა წარმოდგენა, რომელიც 12,13 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება:  ეს გახლავთ ევრიპიდის ლასკალიდისის „ლაპის ლაზული“ (2024, თეატრალური კომპანია OSMOSIS, საბერძნეთი ) აუდიტორიას იწვევს გამოიკვლიოს არასასიამოვნო კავშირი ტერორსა და იუმორს, გამეტებასა და შეწყალებას, ნაცნობობასა და გაუცხოებას შორის. სწორედ ასეთი საწინააღმდეგო პოლუსების შეხვედრისას შეიძლება აღმოვაჩინოთ და შევაფასოთ ჩვენი თანდაყოლილი, შინაგანი კულტურით დაწესებული საზღვრები და თეატრის მიერ დასმულ მარადიულ შეკითხვას, თუ სადაა საზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს, მატერიასა და სულს, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, თამამად გავცეთ პასუხი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფესტივალი „საჩუქარი“, ვენეციის თეატრალურ ბიენალესთან და იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ორწლიან ახალგაზრდულ პროგრამაში „ბიენალე კოლეჯე“ მონაწილეობის მისაღებად. პროექტის პარტნიორია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი. სადაც 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ჩატარდება პრეზენტაცია/სემინარი, რომელსაც გაუძღვებიან საერთაშორისო დირექტორატის წევრები: ვენეციის ბიენალეს თეატრალური პროგრამის და ბიენალე კოლეჯეს სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანი ფორტე; და მილანის ახალი დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის, ფლორენციის INTECITY სამხატვრო ხელმძღვანელი, მიქელე პანელა.

პროექტი  2024 წლის ფესტივალზე სთავაზობს ახალგაზრდა ხელოვანებს წარმოადგინონ იმ პროდუქციის 10 წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც მათ სურთ რომ შექმნან: ეს იქნება თეატრი, ცეკვა, მულტიმედიური პროექტი თუ ასე შემდეგ, რომელსაც განიხილავს ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატი და გამარჯვებულ პროექტს გადასცემს 10.000 ლარს, როგორც ჯილდოს, რათა 2025 წლის პროგრამისთვის განხორციელებული და წარმოდგენილი იყოს  მსოფლიო კულტურის მოწინავე ოსტატების გვერდით.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ფესტივალის „საჩუქარი“, არგენტინის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის FIT Córdoba Mercosur და საშემსრულებლო ხელოვნების კვლევითი ცენტრის La Parisina Casa de Arte სამომავლო თანა-პროდუქცია –  POSTHUMOUS (დაბადებული სიკვდილის შემდეგ 2025/2026), რომელიც წარმოდგენილი იქნება პერფორმატიული ჩვენების სახით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე, 15 ნოემბერს, 17:00 საათზე. ტექსტს წაიკითხავს თამარ ბზიავა. (პერფორმატიული ჩვენება გაიმართება ინგლისურ ენაზე).

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იმ ქართული სპექტაკლების შესახებაც, რომელიც წელს ფესტივალის პროგრამისთვის შეირჩა-  მაია დობორჯგინიძის „უფრო ახლოს“, ივანე ხუციშვილის „უხერხემლო“ და გიორგი მარგველაშვილის „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“, რომლებიც ფესტივალის პარტნიორი თეატრის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის უახლეს თეატრალურ მიღწევებს და ასევე ჩვენი ფესტივალის სტუდენტური ფრინჯის (2022 წ) გამორჩეული რეჟისორის ნამუშევარს წარმოადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g