LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი გარემოებები მეკო კვირიკაშვილის საქმეზე – „ავარიის შემდეგ ხელი ჰქონდა ჩაქნეული…“

103

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი, ნუკრი კვინიკაძე „სარკეს“ ესაუბრება და ივლისში მომხდარი საზარელი ავარიის ახალი დეტალების შესახებ აწვდის ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ ავარიაში, რომელიც გასულ ზაფხულს მოხდა, „იქს 5“ და „ჰონდას“ ტიპის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპნენ მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე და „ჰონდას“ მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია, ანი ჩხაიძე.

ავარიასთან დაკავშირებით უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ მეკო კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ბოლო დროს იმაზე ალაპარაკდნენ, რომ საგზაო შემთხვევაში მესამე მანქანაც მონაწილეობდა…

ნუკრი კვინიკაძე:

მეკო იხსენებს, რომ თავის სამოძრაო ზოლში მოძრაობდა. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა სატვირთო ავტომანქანა, რომლის უკანა მხრიდანაც ერთ-ერთი ავტომობილი მეკოს სამოძრაო ზოლში გადმოვიდა. მეკოს ამ ავტომობილთან შეჯახება რომ თავიდან აეცილებინა, პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, სადაც მანქანა მოუცურდა, ავტომობილი უმართავი გახდა, საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და შემხვედრ სამოძრაო ზოლში გადავიდა. სწორედ იქ მოხდა შეჯახება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მერაბ კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. „შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალიდან და ავტომობილების განლაგებიდან გამომდინარე ჩანს, რომ გადაჭარბებული სიჩქარით არ უვლიათ“.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ მორაგბე საჭესთან ნასვამი იჯდა – „ამის შესახებ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. მეკოს იმავე დღეს აუღეს სისხლის ანალიზი და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნეს, სადაც დადგინდა, რომ შემთხვევის დროს სრულიად ფხიზელი იყო…“

ადვოკატის განცხადებით, მერაბ კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდა მისი ბრალეულობა და მან შექმნა საავარიო სიტუაცია, რასაც ტრაგედია მოჰყვა. ამ შემთხვევაში, სპორტმენს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

„სარკის“ რესპონდენტი მორაგბის მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია, თუმცა კარგი სამეგობრო ჰყავს და მთელი სარაგბო ოჯახი გვერდით უდგას – „ის საერთოდ არაფერზე ფიქრობდა. ავარიის შემდეგ ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, არაფერი უნდოდა, მაგრამ მეგობრები გვერდში დაუდგნენ. ყველა ცდილობს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს…

მეკო თავის ტრაგედიას ატარებს… საერთოდ არ არის დაინტერესებული საქმის ბედით. ვერ გეტყვით, რომ ფიქრობს, როგორმე გამართლეს ან იმას ცდილობს, პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაზე საერთოდ არ ფიქრობს“ – აღნიშნავს ადვოკატი ჟურნალთან საუბრისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები