LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” – ფესტივალი ღვინის კვირეულის ფარგლებში

211

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, თბილისის N1 ღვინის ქარხანაში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით ღვინის ფესტივალი “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ცნობილი და ახალი მცირე მარანი, რომელთაც სტუმრებს საკუთარი ღვინოები შესთავაზეს.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნა.
„დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში – მცირე მარნების წარდგენა ღვინის მოყვარულებისთვის. მცირე მარნების სეგმენტი ბოლო წლებში ძალიან ვითარდება, რის გარეშეც ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია. ის არის ის ნიშა, რაც გვაკლდა ათწლეულების მანძილზე. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანიფუნქციონირებს, რომელიც აწარმოებს და ბოთლებში ასხამს ღვინოს, ისინი უკვე ამაყობენ გამორჩეული ხარისხით, ეს იზიდავს ღვინის ტურისტებს და ღვინის მოყვარულებს“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ფესტივალს ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა, რომელმაც დამსწრეებს დეტალურად გააცნო წარმოდგენილი მარნების ისტორია, ისაუბრა ვენახების და ღვინოების შესახებ.
„აქ წარმოდგენილია ის მარნები, რომლებიც ბოლო 2 წელია გამოვიდნენ ასპარეზზე და თავიანთი პროდუქცია გაიტანეს ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე და უკვე წარმატებით ყიდიან ღვინოს. მათი უმრავლესობა „ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილეებიც იყვნენ, პირველად იქ გაისინჯა მათი ღვინოები. მათ შეიძლება ღვინო ცოტა ჰქონდეთ, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. დღევანდელი ფესტივალიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს მათ ღვინოს“ – აღნიშნა მალხაზ ხარბედიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია “ქართული ღვინო”, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს “ქართული ღვინის კვირეული” გაიმართება.

mazda magti 5g