LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მედიათეკები და ახალი პროექტები თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისგან

698
ია ვეკუა

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები, რომლებიც უკვე წლებია, რაც სხვადასხვა ასაკის ადამიანების თავშეყრის საყვარელი ადგილებია, წლევანდელ გაზაფხულს არაერთი სიახლით ხვდებიან.

ია ვეკუა, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

– თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ორი დიდი სიახლე გვაქვს მედიათეკის სახით. ერთ-ერთი მათგანი დიდ დიღომში შარშან, შემოდგომაზე გაიხსნა (და ეს არ არის მხოლოდ მედიათეკა, ეს არის მულტიფუნქციური სივრცე სპორტული დარბაზით, აუზით და ა.შ.), ხოლო თემქის – მიმდინარე წლის იანვარში. შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ამ ორ დიდ უბანს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, საკუთარი კულტურული კერა აქვთ. აქ შეუძლიათ არა მხოლოდ მდიდარი ბიბლიოთეკით ისარგებლონ, არამედ დისტანციურად იმუშაონ სტაციონარული კომპიუტერებით აღჭურვილ სპეციალურ სამუშაო სივრცეში, არის სივრცეები, სადაც საკუთარი ლეპტოპებითაც შეუძლიათ მივიდნენ, ასევე, შეუძლიათ ჩაერთონ სხვადასხვა ასაკობრივ პროგრამაში, რომლებსაც თბილისის მერიასთან ერთად ვთავაზობთ. თემქის მედიათეკა მდებარეობს ზღვისუბნის პარკის ტერიტორიაზე და არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი. ორსართულიანი შენობა მთლიანად მედიათეკას ეკუთვნის და გვინდა, სრულად ავითვისოთ ეს სივრცე – ადამიანებს აქ ჰქონდეთ სოციალიზაციის და ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა, განათლება ხომ საზოგადოების მთავარი ძალაა.  

– დეტალურად ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებსაც თემქის მედიათეკაში განახორციელებთ.

– ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ტელე-კინო აკადემიასთან „ინოვატორი“, რომელთან ერთადაც შარშან ჩვენს რამდენიმე ფილიალში რამდენიმე საბავშვო პროექტი განვახორციელეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მათ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს, გადავწყვიტეთ, რომ ისინი თემქის მოსახლეობასაც შევთავაზოთ. იანვარში რამდენიმე ერთჯერადი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ ბავშვებისთვის და ნათლად დავინახეთ, ამ პროექტების გახანგრძლივების საჭიროება.

პირველი მარტიდან დაიწყება ისეთი პროექტები, როგორებიცაა „კრიტიკული აზროვნება“ და „კომუნიკაციის ხელოვნება“. თითოეული ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

„კომუნიკაციის ხელოვნება“ განკუთვნილია 6-10 წლის ბავშვებისთვის, ვისაც საკუთარი იდეების, ოცნებებისა და სურვილების გაზიარება, ახალი მეგობრების შეძენა და მეტი სიახლის გაგება უნდა. აღნიშნული კურსი ბავშვებს ურთიერთობისას მეტი თავისუფლების შეძენაშიც დაეხმარება, რაც გაჯეტების ეპოქაში განსაკუთრებულ პრობლემადაა ქცეული. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: რას ნიშნავს  კომუნიკაცია, როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება პირველი კომუნიკაციისას, სამეტყველო აპარატის მომზადება და ხმოვანი ბგერების კლასიფიკაცია.

„კრიტიკული აზროვნება“ განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის, მათთვის, ვისაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება და გაცემა აინტერესებს, არამედ მიღებული ცოდნის გაანალიზება და კრიტიკული შეფასების სწავლაც უნდა. ამ მოკლე კურსით ისინი ისწავლიან, როგორ გაფილტრონ ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა საშუალებით. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: რა არის კრიტიკული აზროვნება და როგორია მისი როლი პიროვნების განვითარებაში, როგორ გავხდეთ საკუთარი თავის კრიტიკული შემფასებლები და როგორ შევაფასოთ ყოველდღიური მოვლენები სუბიექტურად და ობიექტურად.

„კომუნიკაციის ხელოვნების“ შეხვედრები დაიწყება 12:00 საათზე, ხოლო „კრიტიკული აზროვნების 14:00 საათზე. თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი. შეხვედრები ჩატარდება შაბათობით (8 მარტის გარდა) და დასრულდება 29 მარტს. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა ჩვენი პროექტი არის უფასო, ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების გვერდზე იპოვით სარეგისტრაციო ბმულს.

– როგორც ვიცი, თემქის მედიათეკაშიც ამოქმედდება „60+ კლუბი“.

– უკვე მესამე წელია, რაც თბილისის მერია და ჩვენ, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს „60+“. ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ჩვენთან საოცრად მუშაობს, თქვენს ეთერშიც გვისაუბრია ამ კლუბის წევრების შემოქმედებით საღამოებსა და გამოფენებზე. სულ გვინდოდა ამ კლუბის გაფართოება და ახლა გვაქვს ამის საშუალება თემქის მედიათეკაში. დაახლოებით 10-15 მარტიდან გამოვაცხადებთ მიღებას და ნებისმიერ მსურველს, რომელიც უკვე არის 60 წლის და მეტის, ველოდებით ჩვენთან. არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა რაიმე ნიჭი, ვისაც უნდა უბრალოდ მეტი ურთიერთობა, რაიმე ახლის სწავლა, საკუთარი უნარების გამოცდა, გაზიარება, რჩევების მიღება, ჩვენი კლუბის კარი ღიაა. მერწმუნეთ, ეს არის მართლაც საოცარი პროექტი, რომელიც 60+ ასაკის ადამიანებს აძლევს საშუალებს აღარ იყვნენ მხოლოდ ბებიები და ბაბუები და გააგრძელონ სოციალური ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდობის დროს ჰქონდათ და ჰგონიათ, რომ დაკარგეს. ეს ასე არ არის, ცხოვრება ნებისმიერ ასაკში გრძელდება და ვეცდებით, რომ ჩვენ ამის საშუალება მივცეთ.

– თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება მენტალური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებასაც აპირებს. ვის და როდიდან შეეძლება მასში ჩართვა?

– ორგანიზაციასთან „დენდრონი“ ერთად ჩვენს მედიათეკებში ვიწყებთ ერთწლიან პროექტს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თვეში ერთხელ „დენდრონის“ პროფესიონალი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები 16+ ასაკის ადამიანებისთვის ჩაატარებენ ლექცია-შეხვედრას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ადამიანი და მენტალური ჯანმრთელობა, სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია, ტრადიციების გავლენა ადამიანის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში, სოციალური მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხანდაზმულობა და მენტალური ჯანმრთელობა, კონფლიქტური ოჯახის გავლენა ინდივიდის ჩამოყალიბებაში და სხვა. ეს არ იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და შეხვედრის ორგანიზატორების მონოლოგი, ეს იქნება დიალოგის ფორმატის შეხვედრა, მასზე დამსწრე ნებისმიერ ადამიანს ექნება მისთვის საინტერესო საკითხებზე კითხვის დასმის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ თერაპიის კურსის ჩატარებას ვაპირებთ, მაგრამ ამ პროექტის მონაწილეებს საბაზისო პასუხების მიღება შეეძლებათ.

აქვე დავძენ, რომ გაზაფხულზე აქტიურად გაგრძელდება საბავშვო პროექტები, რადგან ჩვენი მთავარი მიმართულება მაინც ბავშვები და მოზარდები არიან, ყველაზე მეტად ისინი გვინდა, რომ მოვიზიდოთ ბიბლიოთეკებში. აუცილებლად გაგრძელდება დიანა ანფიმიადის „სალამურას კლუბი“, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ. ასევე დავამატებთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს, მოზაიკას, იმუშავებენ ხელნაწერებზე. მარტში დავაანონსებთ ამ პროექტების დაწყების ზუსტ თარიღებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მხოლოდ მედიათეკები არ ვართ, ყველა უბანში გვაქვს ბიბლიოთეკები, რომლებიც ყოველთვის ღიაა და ელოდება მკითხველს.

magti 5g