LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მინისტრთა კაბინეტი და საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები

94

გამოსავალი არის გუნდის, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლასა და საქართველოში ახალი განვითარების მოტანაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.  დავით ბაქრაძე მომავალ მთავრობაში ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ხედავს.

“დღევანდელი მდგომარეობით, ვერცერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში, ვინაიდან საქართველოში არ არის წარმატებული სფერო, რომელსაც ცვლილება და მეტი წინსვლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ საუბარი არის ცალკეულ გვარებზე, შემიძლია სრულად გავიზიარო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ვეთანხმებით, მაგრამ მთლიანობაში გამოსავალი არის გუნდის, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლასა და საქართველოში ახალი განვითარების მოტანაში,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მამუკა ბახტაძე დაასახელოს, აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძის სახელი ასოცირდება მხოლოდ წარუმატებლობასთან.  მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ადამიანური რესურსი ქვეყნის სამართავად ამოწურული აქვს.

„მამუკა ბახტაძემ გაკოტრების პირას მიიყვანა „საქართველოს რკინიგზა“. ეს არის ადამიანი, რომლის სახელიც მხოლოდ წარუმატებლობასთან არის დაკავშირებული. თუ რაიმე პირადი მოტივაციით დანიშნავს მას ამ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ეს იქნება ალბათ, ბოლო წერტილი, საიდანაც დაიწყება ჩამოშლა ივანიშვილის ძალაუფლების,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ადეკვატურია, რომ პრემიერმინისტრი გახდეს ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია.

„ამ ქვეყანას რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი. ის ჩვენს ქვეყანას მართავდა არაფორმალურად. შემდეგ გადაწყვიტა პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო და ნახევრად ფორმალიზება მოეხდინა საკუთარი როლისთვის. ადეკვატურია, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყანაში, იყოს პრემიერ-მინისტრი. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის პასუხისმგებელი ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შედეგად,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g