პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ახლა „ქართული ოცნება“ საკმაოდ დრამატულ მდგომარეობაშია, რადგან გაიწვევენ ვაია, არ გაიწვევენ ვუია“.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან დახურულ კარს მიღმა იტყოდა, რომ მასაც არ უნდა ამ კანონის მიღება.
„ახლა ასეთ მდგომარეობაში არიან: გაიწვევენ ვაია, არ გაიწვევენ ვუია. შესაბამისად, საკმაოდ დრამატული მდგომარეობაა. ალბათ იქნება მწვავე დაპირისპირება. ვფიქრობ, კობახიძე შოლცთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრებდა, რომ მასაც არ უნდა ამ კანონის მიღება, მაგრამ რა უნდა ქნას, რადგან ბიძინა არის ყველა ბოროტების სათავე. ბიძინას შეახოცავდა ხელს. ამ დასკვნამდე იმიტომ მივედი, რომ კობახიძეს ხისტი პოზიცია რომ ჰქონოდა, ამ შემთხვევაში შოლცი უარს იტყოდა ერთობლივ ბრიფინგზე“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოლაფ შოლცის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის გეგმებში რამეს შეცვლის, ხუხაშვილი პასუხობს, რომ არაფერი შეიცვლება.
„ვერ შეცვლიან იმიტომ, რომ კობახიძეს არავინ ეკითხება კანონპროექტის გაწვევა, არ გაწვევას. 10 კობახიძეს გადააყოლებს ბიძინა თუ დასჭირდა“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
როგორც მან ორშაბათს დაგეგმილ პროტესტზე საუბრისას განაცხადა, საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს კანონპროექტის გაწვევა.
„ამ ქვეყანამ აირჩია განვითარების ვექტორი, გაფორმდა კონსტიტუციურად. ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციას ასეთი უხეში ფორმით და როდესაც ამ ვექტორს ცვლის ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, უფლებამოსილია ნებისმიერი ფორმით მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში და თუკი მთავრობა ამას არ გააკეთებს ამ შემთხვევაში ხალხს აქვს უფლება ეს ხელისუფლება სახლში გაისტუმროს.
ამ დროს სამართალდამცავები ხალხს თუ დაუპირისპირდებიან, სამართალდამცავებიც იქნებიან სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილეები და ამაზე აუცილებლად მოეკითხებათ.
მე არ ვამბობ, რომ ორშაბათს აქციაზე ხალხმა ხელისუფლების გადადგომა უნდა მოითხოვოს. ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ ამ კანონის გაწვევა, უნდა მისცენ ვადა, რომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა ჩაიხსნას“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.