LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა იმისთვის ვწერ, რომ გადარჩენისთვის ძალა ვიპოვნოთ” – ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი

332
BeFunky-collage (7)

„ბასიანის“ დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ახლა ყველაზე დიდი საფიქრალი რაც მას და კლუბის სხვა წარმომადგენლებს აქვთ, არის ის თუ როგორ შეძლონ გადარჩენისთვის ბრძოლა.

მის ემოციურ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“აქამდე ასე იყო, კვირის ბოლოს კლუბში გატარებულ ღამეებზე ვწერდით ხოლმე. ახლა იმისთვის ვწერ, რომ გადარჩენისთვის ძალა ვიპოვნოთ.

კლუბში პირველად 13 წლის მოვხვდი და თითქმის 25 წელზე მეტია, რაც ყოველ პარასკევს და შაბათს ამ ჯადოსნური რიტუალის თანამონაწილე ვარ. მართლა არასოდეს მიმიტოვებია საცეკვაო მოედანი, არც ომის დროს, არც ავადყოფნის დროს. ბევრჯერ მარტოც წავსულვარ, არ შემშინებია – არც უცხო ადამიანების გვერდით, არც მხედრიონელებით გავსებულ სივრცეში ყოფნის. კლუბებში დავდიოდი მაშინაც, როდესაც საცეკვაო მოედნები სავსე იყო აგრესიით, ჩხუბებით და შევიწროვებით , როდესაც ქალის კლუბში ყოფნა დანაშაულად ითვლებოდა, 9 თვის ფეხმძიმესაც კი არ შემიწყვიტავს ცეკვა. ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში  ერთადეთი შვება კლუბში მუსიკის მოსმენა იყო, რადგან დღემდე მჯერა და მწამს, რომ საცეკვაო მოედანს მართლა მაგიური ძალა აქვს.

განსხვავებული მუსიკალური შთაბეჭდილებების მიუხედავად, ყოველ პარასკევს მაინც ჯიუტად ვიმეორებდი ერთიდაიგივე სიტყვებს, რომ ასეთი ღამე ჯერ არ ყოფილა და მეხსირებაში ძალიან მკაფიოდ ვიბეჭდავდი ყველა წამს,  ყველას მოძრაობას და მზის შუქზე გამოსული ადამიანების გულისცემას. 300-ზე მეტი ასეთი მომენტი  მხოლოდ ერთ სივრცეში მახსოვს და ალბათ ათასობით სხვადასხვა ქალაქის საცეკვაო მოედნებზე.

ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობამ მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაგვიტოვა, არაერთ ადამიანთან დაგვაკავშირა, ერთმანეთზე ზრუნვის, პატივისცემის, სიყვარულის, სოლიდარობის, მიმღებლობის და მტრებთან დამეგობრების არაერთი მაგალითი გვაჩუქა.

 

 

ალბათ ამ მოგონებების გამოა, რომ ეს ბოლო 10 თვეა გაუსაძლისად მეჩვენება ყოველი პარასკევის დადგომა. ამ პერიოდის განმავლობაში ბასიანის შესახებ არცერთი სიტყვა არ დამიწერია. კლუბის ოჯახის წევრებსაც კი ვერაფერს ვეუბნები, რომლებსაც ასობით უძილო ღამე აქვთ გატარებული ჩვენი უსაფრთხო და მშვიდი ღამისთვის და ახლა, უმუშევრად დარჩენილები, უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე რომ დგანან, მუსიკოსებსაც არ ვიცი რა ვუთხრა, რომლებმაც არაერთი თავდაუვიწყარი ღამე გვაჩუქეს და ბევრ ჩვენგანს მძიმე ჭრილობები მოგვიშუშეს და დღეს გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან. ვერც კლუბში მოსიარულე ადამიანებს ვპასუხობ მარტივ კითხვებზე და ვერც საკუთარ თავს, რადგან მართლა არ ვიცი გლოვაზე როგორ უნდა ვილაპარაკო.

თუმცა რაც ზუსტად ვიცი კლუბში დაბრუნებას ვნატრობ. არავინ იცის, როგორი იქნება პოსტ-პანდემიური საკლუბო ცხოვრება, წარმოდგენაც კი არ მინდა და ალბათ ამის გამოა, რომ თითქმის ყოველდღე მახსენდება, კლუბის შესასვლელთან უცხო, მაგრამ მაინც ახლობელ ადამიანებთან ერთად გატარებული ღამეები და მათთან დაუსრულებელი საუბრები –  ჩვენს მომავალზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ერთობის აუცილებლობაზე.

ამ გულახდილი ამბების გამო მიყვარს საცეკვაო მოედნები, არაერთი წინააღმდეგობის და ტკივილის მიუხედავად მაინც რწმუნდები, რომ ეს ღამე მხოლოდ ამ ისტორიის მოსმენად ღირდა.

დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი იგივეს განიცდის. ყველაზე მეტად იმაზე მეფიქრება თუ როგორ უნდა შევძლოთ საცეკვაო მოედნის ნამდვილმა ენთუზიასტებმა, გულშემატკივრებმა და კლუბების წარმომადგენლებმა,  ვისთვისაც ჯერ კიდევ ძვირფასია ამ სცენის ღირებულება, არ დავკარგოთ მომავლის რწმენა და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის.

ალბათ, ერთადერთი იმედი, რაც დაგვრჩა სწორედ ეს მოგონებებია.”- წერს ნაჯა ორაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g