მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელმაც მღრღნელების ტვინიდან ალცჰაიმერის გამომწვევი ბეტა-ამილოიდური ნადები მხოლოდ რამდენიმე საათში მოაშორა. კვლევა ჩინეთისა და ესპანეთის სპეციალისტებმა ჟურნალ Signal Transduction and Targeted Therapy-ში გამოაქვეყნეს.
მკურნალობა ეფუძნება ტვინის ბუნებრივი წმენდის სისტემის — სისხლ–ტვინის ბარიერის აღდგენას. სპეციალურმა ნანონაწილაკებმა ბარიერის ფუნქცია აამუშავა და ტვინმა დაიწყო თვითგაწმენდა. შედეგი შთამბეჭდავია — ნადები 45%-ით შემცირდა და ცხოველებს მეხსიერება აღუდგათ.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის თქმით, ეს აღმოჩენა „ნეირომეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია“ და აუცილებელია, საქართველოშიც შეიქმნას ნეიროდეგენერაციული დაავადებების ეროვნული რეესტრი, რათა პაციენტები მომავალი ინოვაციების ნაწილად იქცნენ და არა მხოლოდ დამკვირვებლებად.