LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ „ბასტი-ბუბუს­“

93
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერისა და დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დაბალი ბარიერი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აუცილებელია და „ქართული ოცნებისგან“ სიტყვის გადათქმა არ გაუკვირდებათ.

ელისაშვილმა ამ განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ 2 პროცენტი ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და პოლარიზაცია შემცირდეს.

„შეცვალა თუ არა პოზიცია, ჯერ არ ვიცით. ეს ჯერ განცხადების დონეზეა. თუმცა, „ქართული ოცნებისგან“ არც „გადაგდება“ გაგვიკვირდება და არც სიტყვის გადათქმა, ეს არის „ქართული ოცნების“ წესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაღაცას იტყვიან და მერე უკუღმა აკეთებენ, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ძალიან ცუდი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ შეათანხმებს და სიტყვას გატეხავს. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მიშელის შეთანხმების დარღვევაზე ვეღარ მიუთითებენ, რადგან დოკუმენტი უკვე აღარ არსებობს.

„შარლ მიშელის შეთანხმება კი არა ფრაქციასაც აღარ ჰქვია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი. ერთია, რომ სიტყვის გატეხა წესად მკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ჩვენ ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია 2 პროცენტი ბარიერი, ეს დაბალი ბარიერი და ის, რომ ყოველ არჩევნებზე გავრცელდეს, საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და ეს პოლარიზაცია შემცირდეს.

მაღალი ბარიერი ნიშნავს, რომ სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ „ბასტი ბუბის“ და ზიზღის პინგ-პონკს, რაც გვაქვს ახლა – „არა შენი 9 წელი, არა შენი,“ – დასძინა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5%-იანი ბარიერი სრულიად თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან და 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით.

„რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია, თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა.“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g