LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა: “კვლევამ აჩვენა, რომ ქალი ლიდერები კოვიდის კრიზისის გამოწვევებს ყველა პარამეტრით უკეთ გაუმკლავდნენ, ვიდრე მამაკაცები… აი, რატომ…”

260
alexandrejejelava2038

ტრენერი, სპიკერი და კონსულტანტი, ალექსანდრე ჯეჯელავა პლატფორმაზე FlowMaster.online საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ბარიერები აქვთ ქალბატონებს კარიერის მოწყობისას, მამაკაცებთან შედარებით. ალექსანდრე ჯეჯელავას ასევე მოჰყავს მაგალითი, როგორ აჯობეს ქალმა ლიდერებმა პანდემიისას მამაკაცებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა:

ჩემმა მეგობარმა დაპოსტა ძალიან საინტერესო კვლევის შედეგი. ის შეეხებოდა კოვიდის კრიზისის პერიოდში მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტს, რომ ქალი ლიდერების შედეგიანობა პრაქტიკულად ყველა პარამეტრით ჯობს მამაკაცი ლიდერების შედეგიანობას.

დაახლოებით 12 წლის წინ წავიკითხე სტატია, სადაც ავტორი მოგვმართავდა მამაკაცებს და გვეუბნებოდა, თუკი შენ შეგხვდა ქალი იმავე იერარქიულ საფეხურზე, არ გეგონოს, რომ არის შენი დონე, იცოდე, რომ მას აქვს ორჯერ მეტი ნაშრომი, ნასწავლი და ორჯერ მეტი წინააღმდეგობა გადალახული, რომ იმავე საფეხურისთვის მიეღწია, სადაც შენ ხარ.

მაშინაც დავიჯერე ეს ამბავი და მერე და მერე თავისთავად ცხადი გახდა, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩემი გამოცდილებითაც და ბევრი კვლევა ადასტურებს ამას, რომ ქალებს გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ, რომ იმავე დონეს მიაღწიონ.

პირველი ბარიერი ისაა, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე სტერეოტიპულად უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ. მეორეა, როცა ქალს მაღალ თანამდებობას სთავაზობს, მეც შემითავაზებია, მაგრამ მამაკაცები დაუფიქრებლად და უფრო თამამად თანხმდებიან, ქალები ცდილობენ, ათჯერ აწონონ და მერე გადაწყვიტონ. ძალიან ხშრად უარი მიმიღია აბსოლუტურად კვალიფიციური და შესაფერისი ქალბატონისგან. ეს არის უხილავი წინაღობა, რასაც ქალები ხვდებიან.

მესამე მაგალითი ბიზნესის დაწყებას ეხება, იქ, სადაც მამაკაცები ხშირად დაუფიქრებლად გადაეშვებიან ბიზნესწამოწყებაში, ქალები ძალიან ბევრს ფიქრობენ და ხშირად უარი უთქვამთ ბიზნესშესაძლებლობაზე.

თუ ეს ყველაფერი ასეა და ეს ბარიერები არსებობს, იმ ქალს, ვინც ჩვენს დონეზეა კარიერულად, გაცილებით დიდი ბარიერები გადაულახავს… ერთ თანამდებობაზე და ერთ დონეზე მყოფ ადამიანებს რომ სწავლობ, ზუსტად ამ ბარიერების გადალახვით, ქალები გაცილებით მაღლა არიან. ფინიშამდე ორივე ერთად მივედით, მაგრამ ქალი მორბოდა გაცილებით მძიმე ტვირთით…

მგონია, რომ ეს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქალები ჯობნიან კრიზისის დროს მამაკაცებს, ამ რეალობის ასახვაა.

თუ ქალბატონი ბრძანდებით, მიაწექით ბოლომდე და დაარღვიეთ შუშის და ბეტონის წინაღობაც. თუ მამაკაცი ხართ, ყველანაირად შეეცადეთ, ქალებს დაუფასოთ მიღწევები. სახლში პატარა ქალბატონები რომ გეზრდებათ, მათ ესაუბრეთ ამის შესახებ, რომ ყველაფრის შესაძლებლობა აქვს და არავინ არაფერში არ ჯობია სხვას. მათ ყველაფრის დაძლევისა და გადალახვის შანსი აქვთ… ამის ძალიან ბევრი მაგალითია საქართველოშიც და მსოფლიოშიც!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g