LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალტ-ინფოს” პოლიტიკური წარმონაქმნის დაფინანსების წყაროები” – რა კვლევას აქვეყნებს DRI

331
BeFunky-collage (4)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, რომელიც 2019 წლიდან აკვირდება საქართველოში ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების აქტიურობას, “ალტ ინფოს” პოლიტიკურ წარმონაქმნზე, “კონსერვატიულ მოძრაობაზე” სპეციალურ კვლევას აქვეყნებს და აცხადებს, რომ პარტიის დაფინანსების წყაროები უცნობია.

ორგანიზაციის განცხადებით, მკვეთრად პრორუსული საგარეო ვექტორის გამო, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ახლად დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა“. მათივე თქმით, „კონსერვატიული მოძრაობა“ ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური წარმონაქმნია. მისი საშუალებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, რომელიც საზოგადოებაში თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ცდილობს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან. თუმცა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. 2021 წლის 20 ნოემბერს პარტიის დამფუძნებლებმა ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. პარტიად რეგისტრაციის შემდეგ „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა აქტიურად დაიწყო ოფისების გახსნა საქართველოს მასშტაბით.

დეკემბრიდან მოყოლებული, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 60-მდე ოფისი გახსნა რეგიონებში. პარტიული ოფისების გახსნას რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ამასთანავე, ასეთმა სწრაფმა გაფართოებამ გააჩინა კითხვები პარტიის ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით.

DRI-ის წყაროს ინფორმაციით, თითოეული ოფისის ყოველთვიური ქირა 1,500-დან 2,500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ხარჯს ასევე ემატება იმ პირების შრომის ანაზღაურებაც, რომლებიც „ალტ-ინფომ“ ადგილობრივ ოფისებში დაასაქმა. თითოეული ასეთი ოფისისთვის საშუალოდ გამოყოფილია 5-6 თანამშრომელი. მათი შრომის ანაზღაურება ამ ეტაპისთვის გასაიდუმლოებულია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს გადმოცემით, თანამშრომელთა უმეტესობა ხელფასს არა საბანკო გადარიცხვით, არამედ ხელზე იღებს, რაც აღრმავებს ეჭვებს პარტიის დაფინანსების წყაროსა და ოდენობის შესახებ.

ოფისების უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იხსნება, რაც დიდ ხარჯებთან უნდა იყოს დაკავშირებული. თებერვლის მიწურულს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია პარტიის დამფინანსებელთა შესახებ.

ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 22 მარტის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი უკვე 90,935 ლარია. პოლიტიკური გაერთიანების მიერ ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულების ოდენობა ბოლო 6 დღის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. თუ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 36,675 ლარი იყო, 21 მარტის შუადღის მონაცემებით ეს თანხა 44,725 ლარი გახდა. 22 მარტს კი, წინამდებარე ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემის დროისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხა 90,935 ლარია.

ამ დროისთვის, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია ზეზვა ჩანქსელიანი. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს 1,000 ლარი შესწირა.

ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობის“ ფინანსების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ იყო. გიორგი ქარდავას თქმით, „ალტ-ინფოსა“ და ახლა უკვე „კონსერვატიულ მოძრაობას“ დიდწილად კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, თუმცა ინფორმაცია მორგოშიას მიერ პარტიის დაფინანსების შესახებ ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის.

ოფიციალურად გამჟღავნებული შემოწირულებები კი არ შეიძლება საკმარისი იყოს უკვე გახსნილი ოფისების ქირის, თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g