„ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ვინმე ხელოვნურად იყო გაძევებული კომიტეტიდან ან კითხვების დასმის საშუალება არ მივეცით, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა“, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური 5 კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან „ტვ პირველის“ დირექტორის ვატო წერეთლის გაძევებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, წერეთელს არ ჰქონდა საქმიანი კითხვები და პოპულიზმის და შეურაცხყოფის გზა აირჩია.
„მოლოდინი მქონდა, რომ კომიტეტზე საქმიანი კითხვები დაისმებოდა, თუმცა, ამის ნაცვლად ძირითადად პოპულისტური განცხადებები მოვისმინეთ. ამის მაგალითი გახლდათ ვახტანგ წერეთლის სრულიად ამორალური განცხადება. როგორც ჩანს, არ იყო მომზადებული და არ ჰქონდა საგნობრივი, საქმიანი კითხვები და არჩია პოპულიზმის გზას დადგომოდა, უფრო მეტიც, შეურაცხყოფები არჩია და ეს არც ის ადგილია და არც ის მოცემულობა, რომ მსგავს პერსონებს მივცეთ საშუალება შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთოს.
შეგიძლიათ შეადაროთ – კომიტეტმა ყველა პირს მისცა საშუალება, ვისაც ჰქონდა საქმიანი კითხვები და შეგიძლიათ იხილოთ ამის საილუსტრაციოდ რამდენი დრო დაეთმო გვარამიას კითხვებს, ყველა კითხვა დასვა ამომწურავად და ამის საშუალება მივეცით, იმისგან განსხვავებით რა გზაც აირჩია წერეთელმა. ასევე გვარამიას მსგავსად საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა ნინო ჯანგირაშვილსაც. ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ვინმე ხელოვნურად იყო გაძევებული კომიტეტიდან ან კითხვების დასმის საშუალება არ მივეცით, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ეს მცდელობა არის უსუსური და „ფეიკი“,- განაცხადა ღუდუშაურმა.
ხმაური პარლამენტში: პრემიერის მავნედ მოხსენიების გამო, ოხანაშვილმა წერეთელს სხდომა დაატოვებინა