პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობდა განხილვა, ხმაური იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დმფუძნებელს ვატო წერეთელს უზრდელი უწოდა და სხდომიდან გააძევა:
„ბატონო ვატო, თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ახლა გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან, როცა ზრდილობას ისწავლით, შემდგომ შეგიძლიათ შემოხვიდეთ”, – მიმართა ოხანაშვილმა წერეთელს.
ვატო წერეთლის თქმით, მან დასვა კითხვა, რა შედეგი მოჰყვება ქართულ სპორტში პრემიერის მავნებლურ გადაწყვეტილებას, თუკი ქართული სპორტს მილიონობით ლარით სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესი აფინანსებს:
„ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: ეს ბიზნესი ასეულობით მილიონ ლარს აბანდებს ქართულ სპორტში, ჩვენს სპორტსმენებში, კლუბებში, ნაკრებებში, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონები ხდებიან, ჩემპიონები ხდებიან სპორტის თითქმის ყველა სახეობაში.
კითხვა დავსვი, რომ ამხელა ფული რომ გამოაკლდება ქართულ სპორტს, ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ არის მავნე, ეს ჩვენი სპორტსმენები ხომ გადაინაცვლებენ ბირჟებზე, ნარკომანიის წინაშე, ლოთობის წინაშე და ათასი უბედურების წინაშე.
ირაკლი ღარიბაშვილი არის მავნე ადამიანი, იმიტომ, რომ ასეულობით მილიონი ლარი უნდა გამოაგლიჯოს ქართულ სპორტს, ჩვენს ახალგაზრდობას იმის მაგივრად, მიდიოდეს პროპაგანდა, რომ მეტმა ადამიანმა ითამაშოს სპორტი, ისედაც ჩვენ გაღატაკებულ და გაჭირვებულ ქვეყანაში იცით სპორტი რა დღეშია, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში.
ამაზე დავსვი შეკითხვა, ირაკლი ღარიბაშვილი არის მავნე ადამიანი, რასაც მოჰყვა შეკამათება და ჩემი კომიტეტიდან გამოშვება. ეს არის პირდაპირ მედიის ჩაწიხლვა”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
