„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს. რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას განცხადებით თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება სამარცხვინო და მიუღებელია. ზარქუა ელჩს მიმართავს და ამბობს, რომ საქარველოს 30 მილიონით ვერ დააჩოქებ:
„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს. რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ. ნატო-მ რომ უკან დაიხია და ავღანეთი „თალიბებს“ დაუთმო, როცა უკან გამორბოდნენ, იქაც კი ქართველმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რათა დროულად გამოსულიყვნენ. რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს. სამაგიერო რითი გადაუხადეთ, 30 მილიონით დასაჯეთ საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა! მინდა, მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომელმაც კიდევ 100 მილიონი გამოყო თავდაცვის უწყების გაძლიერებისთვის. თქვენ გგონიათ, ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ და მეომარ ერს დააჩოქებთ და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ! ველოდებით, რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ურთირთოებების გადატვირთვა მოხდება და შემდეგ ალბათ შეგრცხვებათ, ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ჩახედვის შეგრცხვებათ. ვწუხვარ, მაგრამ მოგიწევთ“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც გეგმავდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია“. როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა განუცხადა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.