„თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ,“ – ასე პასუხობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე, შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია, GEM fest-თან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მისი დამფუძნებლის, გიორგი სიგუას, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
თუმცა, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის“.
„თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით ვიძიებთ. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ გაირკვევა პასუხისგებაში მისაცემი პირის, ან პირების ვინაობა. ვიდრე მტკიცებულება არ იქნება, ბრალდებულებზე წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რათა დაცული იყოს მათი უდანაშაულობის პრეზუმპცია,” – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით.
ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან დარიცხულ ფულზე, გამყრელიძის ინფორმაციით, ”გამოძიება ცალკე მიდის”.