მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს, მისი ადვოკატი ეხმაურება. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, კადრებში ასახულია არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ
“ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ, რაზეც ვაპელირებდით ზუსტად – ღირსების შემლახველი მოქმედება მესამე პრეზიდენტის მიმართ, რაც, ბუნებრივია, სამწუხაროა” – აცხადებს საძაგლიშვილი.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის მტკიცებით, აღნიშნული კადრებით ნათლად დასტურდება ის, რომ პენიტენციური სამსახური იტყუებოდა.
” იტყუებოდნენ, რომ იძულებით არავინ წაგვიყვანიაო. წვრილფეხა ტყუილია, როდესაც ამბობ, რომ იძულებით არ წამიყვანია, მაგრამ ადამიანი მოტყუებით გყავს წაყვანილი.” – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი
უფლებადამცველის თქმით ადვოკატები პირველივე დღეს ამბობდნენ, რომ სააკაშვილი მოტყუებით იქნა გადაყვანილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, როდესაც თავად მესამე პრეზიდენტს უთხრეს, რომ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყავდათ.
“მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, ის მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივია, არ სთანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა თავის წინააღმდეგობრივ პოზიციას, ეს არის ასახული ამ კადრებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.