LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს“ – მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ნოღაიდელის დაპირისპირება პროცესზე

140
მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება და მასზე მოწმის სახით მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი იკითხება, სააკაშვილი და ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მიხეილ სააკაშვილი: როგორც ჩანს, ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად, აუცილებლად დავრჩები მისი დაკითხვის პროცესზე

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, პროცესზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სააკაშვილის და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს და მხარეებს მოუწიათ.

„მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია.

ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.

ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?“ – თვქა მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.

„როცა უკვე საქართველოში იყო, ის რუსეთიდან დევნილი იყო, ეს ხომ შენც კარგად იცი?”,- მიმართა ყოფილმა პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტს.

„არა, მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – ჰკითხა სააკაშვილმა ნოღაიდელს.

„შეიძლება. თუ „ეფესბეს“ აგენტი იყო, რატომ იყო თბილისში?“ – უპასუხა მან სააკაშვილს. ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა: „პატარკაციშვილი რომ რუსეთთან იყო დაკავშირებული, ყველამ ვიცოდით“, რის შემდეგაც, მას სააკაშვილმა ჰკითხა, „ტვ იმედი“ შეიქმნა თუ არა რუსული ფულით, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „შეიძლება კი“.

ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.

„ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“ – ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.

„პუტინთან იყავი თუ არა რუსეთთან შეხვედრაზე?“ – ჰკითხა ნოღაიდელს სააკაშვილმა, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იყო, „რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოეწესრიგებინა“.

„მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო?“ – მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს, რაზეც მან კვლავ კითხვით უპასუხა.

„შენ ხომ „ეკაჩავე“ და „ებლატავე?“ – მიმართა ნოღაიდელმა სააკაშვილს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება.

ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, მოსამართლეთა კოლეგიამ კი დარბაზში მყოფები და ბრალდებული გააფრთხილა, თუკი წესრიგს არ დაიცავდნენ, სხდომას დახურავდნენ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ზურაბ ნოღაიდელის ფოტო სლაიდზე – „ინტერპრესნიუსი“

magti 5g