მცხეთის რაიონულ სასამართლოში დილის 09:30-დან 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
17-ვე ბრალდებული დარბაზში იმყოფება. პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებენ.
ბრალდებას არც ერთი დაკავებული აღიარებს.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა განცხადებებს აკეთებენ დაკავებულების ადვოკატები.
იმ პირების ადვოკატები, რომლებიც შაქარაშვილს და მის მეგობრებს მანქანით მიჰყვებოდნენ, ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ და ეს მათი თქმით, მტკიცდება იმით, რომ ოქროს მოწმე გურამი თბილისში უვნებელი ჩამოიყვანეს.
“ფორტუნა” გთავაზობთ ადვოკატების არგუმენტებს:
თენგო ბარბაქაძის ადვოკატი:
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არასაპატიმრო ღონისძიებით,”- აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი:
“ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, რადგან აბსულუტურად უდანაშაულო ადამიანია გამოკეტილი გისოსებს მიღმა. ის კადრები, რაც გავრცელდა, ადამიანების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, განსაკუთრებით ძალადობა, მით უმეტეს, ძალთა ორგანიზება,”- აცხადებს გიორგი ყიფშიძე.
ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი:
“საქმის მასალებს მთელი ღამის განმავლობაში ვეცნობოდით. ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ბრალად წარდგენილ ქმედებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია კატეგორიულად გამორიცხავენ იმ ქმედების განხორციელებას, რომელიც ბრალშია მითითებული. ვიდეომასალები ცოტა ხნის წინ გადმოგვეცა, ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ვიდეომასალების ჩვენთვის გადმოცემა.
საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აბსოლუტურად არაფერი ღირებული არ ჩანს. იქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერც ერთი ვერ დავინახე. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებს. პირიქით, საქმეში ყველა მტკიცებულება ცალსახად უთითებს იმას, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული და მასზე ძალადობა განხორციელდა,” – აცხადებს არჩილ ბერიანიძე.
არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი:
“ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოწმის ჩვენება. ეს ადამიანი იძახის, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და რა რჩებათ მაშინ, ექვსი ადამიანი, რომლებიც იძახიან, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მოწმე, რომელიც იძახის დანაშაული მასზე არ განუხორციელებიათ. თურმე ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილეები ვართ და ამას რითი დაამტკიცებენ ძალიან საინტერესოა. შინაარსობრივ მხარეზე, რომ გადავალთ ამას ვერაფრით დაამტკიცებენ. ძალადობაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ ვმონაწილეობთ ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ბატონი გურო თურმე გავიტაცეთ, რაც არის ნონსენსი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ისინი გადაადგილდებოდნენ მანქანით, მაგრამ მათი განზრახვა არ იყო ვინმეს ცემა, მუქარა და მათი განზრახვა იყო კეთილი, რადგან გუროს თხოვნით ჩავისვით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებით. ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც „ტოიოტა კამრიში“ სხედან ადამიანები ჩერდება რამდენიმე წამი და კვლავ იძვრის. სად ჩანს, რომ ვინმე ვინმეს მისდევს? მანქანა ხიდის ქვეშ არ ჩასულა, მხოლოდ მაშინ ჩავიდნენ, როდესაც გურო ჩაისვეს და თბილისისკენ წავიდნენ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა.
მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ მივიღეთ, რომ ამ უბედურებას 17 ადამიანის უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებში ბრალეულობა არ დასტურდება,”- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე,“ – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
არასრულწლოვანის ადვოკატი
“არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პირი რომელიმე კონფლიქტში მონაწილეობდა. არცერთი მოწმე არ საუბრობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე, რომ მან ვინმეს რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ჩვენ გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებულია ბრალდების მხარის ახსნა-განმარტებით, რომ ძალადობა იყო. არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა და მისი რაიმე სახის კონფლიქტში ჩართვა” – აცხადებს არასრულწლოვანის ადვოკატი და ოქროს მოწმეზე ამბობს, რომ სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული.
“გურამ ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა. ისმის კითხვა, რომელ ჩვენებას ვუჯერებთ, რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ და რატომ დაუჯერა იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ თითქოს იძულების წესით წაიყვანეს ზემოთ აღნიშნულმა პირებმა თბილისში. არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს ავტომობილში აღნიშნულმა პირებმა, არცერთ შემთხვევაში არ საუბრობს, რომ ვინმე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
გურამ ამირხანაშვილმა არ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანმა მას რაიმე სახის დაზიანება მიაყენა ან კონფლიქტში იყო ჩართული”, – აცხადებს გიორგი გელხაური.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს