შარშან, 50 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ამერიკული მუსიკის საიუბილეო დაჯილდოება გადაიდო. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, 51-ე სანახაობით, American Music Awards 6 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში უნდა გამართულიყო, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ცერემონია ისევ, ამჯერად 2025-მდე გადაიდო. პოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის მეორედ გადადების მიზეზი, ABC-სთან სამაუწყებლო კონტრაქტის დასრულება გახდა. მომავალი წლის შოუს დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ახალი შეთანხმების თანახმად, ის ამიერიდან, CBS-ის ეთერში გავა.
გაირკვა, რომ დაჯილდოების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური შოუ გაიმართება. საზეიმო ღონისძიება, დაჯილდოების გამართვის წლევანდელ ოფიციალურ თარიღს ემთხვევა და მასში მონაწილეობას, ყველა დროის საუკეთესო არტისტები და ბენდები მიიღებენ.
პერფორმერთა შორის არიან: მერაია ქერი, ჯენიფერ ჰადსონი, კეინ ბრაუნი, რეი, გლედის ნაითი, ჩაკა ჰანი, ბრედ ფისლი, Green Day და Stray Kids.
ჩაკა ჰანი, გლედის ნაითი და Green Day თავიანთი შემოქმედების საკულტო ჰიტებს შეასრულებენ.
ჯენიფერ ჰადსონი პატივს უიტნი ჰიუსტონს, რეი კი – ჯეიმს ბრაუნს მიაგებს.
საღამოში მონაწილეობას ასევე ჯენიფერ ლოპესი, ქერი ანდერვუდი, გლორია ესტეფანი და ჯიმი კიმელიც მიიღებენ.