ავტომობილის დაზღვევის პლატფორმის Compare.com-ის ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ როგორ გამოიყურება ამერიკელთა ოცნების ავტომობილი. ამისათვის მათ 1172 ადამიანი გამოჰკითხეს , მათ შორის – 56% მამაკაცი, 43% კი ქალბატონი იყო. ექსპერიმენტში მონაწილეთა ასაკი 18-დან 80 წლამდე მერყეობდა.
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის აზრით, Ferrari, Lamborghini ანდაც Bugatti სულაც არ არის მიმზიდველი ავტომობილი და სუპერქარებს ისინი ყოველთვის კროსოვერებს ამჯობინებენ.
კროსოვერების სეგმენტმა ხმების 30% დააგროვა. ძარის ფერთა შორის კი ამერიკელები ყველაზე სასურველად შავს ასახელებენ. აშშ-ში ყველგანმავლები უკვე დიდი ხანია ბაზრის ლიდერები არიან და როგორც ჩანს, პოზიციის დათმობას არც მომავალში აპირებენ. ექსპერტთა პროგნოზით, 2025 წლისთვის გაყიდვების 78%-ს სწორედ ისინი დაიკავებენ.
საინტერესოა, რომ ამერიკელთა არჩევანი ცხოვრების სტილის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად – შავ კროსოვერზე (თანაც BMW-ზე) შვილებიანი ამერიკელები ოცნებობენ, გრძელი მოგზაურობების მოყვარულები Audi-ს კუპეს ირჩევენ, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები უპირატესობას ისევ BMW-ს, მხოლოდ სედანს და თან თეთრ ფერს ანიჭებენ.
BMW ისედაც ყველაზე სასურველი ბრენდი აღმოჩნდა, ის რესპონდენტთა 25%-მა გამოარჩია.
ქალი რესპონდენტებისთვის მთავარი ფაქტორი კომფორტია, უსაფრთხოებას კი ისინი მამაკაცებზე უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.