აშშ–ში, ლუიზიანას შტატში 11 წლის ბავშვმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა. კანონდამრღვევის დაჭერას 10–ზე მეტი სამართალდამცავი ცდილობდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გზაზე მოძრავი ცარიელი ავტობუსი შეამჩნიეს, კარგად დაკვირვების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ საჭესთან პატარა ბავშვი იჯდა. სამართალდამცავებმა მაშინვე დევნა დაიწყეს და ბიჭუნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერება მოსთხოვეს. თუმცა, ახალგაზრდა გამტაცებელს გაჩერება არც უფიქრია. შედეგად დევნაში ოთხი საპატრულო ავტომობილი ჩაერთო.
დევნა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ბავშვმა საჭის მართვა დაკარგა, ხეს დაეჯახა და ავტობუსი გაჩერდა. პოლიციამ მოსწავლე დააკავა და მას ბრალიც წაუყენა.
ბიჭუნას პასუხისგება სატრანსპორტო საშუალების გატაცების, თავდასხმის და პოლიციისგან მიმალვის მცდელობისთვის მოუწევს.
