ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიაში, რომელშიც 3028 პირი მოხვდა, მოწინავე პოზიციას კვლავ ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი იკავებს. მისი ქონება ამჟამად 342 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.
ათეულში ასევე მოხვდნენ: მარკ ცუკერბერგი ($216 მლრდ), ჯეფ ბეზოსი ($215 მლრდ), ლარი ელისონი ($192 მლრდ), ბერნარ არნო ($178 მლრდ), უორენ ბაფეტი ($154 მლრდ), ლარი პეიჯი ($144 მლრდ), სერგეი ბრინი ($138 მლრდ), ამანსიო ორტეგა ($124 მლრდ) და სტივ ბალმერი ($118 მლრდ).

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში სულ ორი ქართველია წარმოდგენილი.
მილიარდერების განახლებული ინდექსის თანახმად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $2.2 მილიარდით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თუკი 2024 წლის რეიტინგში იგი 4.9 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობდა და სიაში 624-ე პოზიციას იკავებდა, მიმდინარე წლის რეიტინგში მისი ქონება 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და 1362-ე ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიაში მიხეილ ლომთაძეს ვხვდებით, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. ყაზახური ფინტექ კომპანიის Kaspi.kz თანამფლობელი მილიარდერებს შორის 579-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 5.9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.