მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს განახლდა.
ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მაღალი ალბათობით დაიკითხებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის დაზიანებებთან დაკავშირებით ჩაატარეს ექსპერტიზა.
უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილიც დაიკითხოს.
„თითქმის ყველა მოწმე, რომელიც გამოძიებას აწვდიდა ინფორმაციას გამოიკითხა და დარჩენილია 12 მოწმე. შესაბამისად, შესაძლოა წარმოდგენილი იქნას მათ შორის გურამ ამირხანაშვილიც. გურამ ამირხანაშვილი არის ცალსახად ცრუ მოწმე და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივიჩნიოთ როგორც დაუშვებელი მტკიცებულება. როდესაც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე პირი ცვლის ჩვენებებს და ამას სტრესს აბრალებს, ეს ყოვლად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, მისი ცრუ ჩვენება არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. მისი ჩვენებით არ დგინდება, რომ რაიმე ბრალად წარდგენილი დანაშაული დასტურდება, არ დასტურდება არც ძალადობა არც მკვლელობა და შესაბამისად, მისი ჩვენება არარელევანტურია საქმისთვის“, – აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებს.
შაქარაშვილის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ყველა მტკიცებულება არსებობს, იმისთვის, რომ ბრალდებულების გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
