“ამით, ჩემთვის პანდემია დასრულებულია,” – განაცხადა ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი “ასტრაზენეკას” ვაქცინით ცოტა ხნის წინ აიცრა.
კულუმბეგოვი ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების დღიდან აქტიურად საუბრობდა იმ მორალურ მაგალითზე, რომელიც ექიმებმა უნდა მისცენ საზოგადოებას და ვაქცინა მიიღონ.
“სწორედ მორალური მაგალითების მიცემა, რომელიც იყო ბატონი პაატასგან და ჩვენთვის სასიქადულო ყველა ადამიანისგან და კოლეგისგან, ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი, ყველას მონდომებით, ვაქცინაცია იქნება წარმატებული.” – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 17 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, აცრილია 2 307 სამედიცინო მუშაკი და სპეციალურ პორტალზე Booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 5 175 მუშაკი.