“თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო! მაშინ აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ბრალდებული.” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და თქვა, რომ არ არის მომხრე, ამნისტია მიიღონ, მაგრამ არის შეთანხმების ერთგული.
ოხანაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას გამოეხმაურა და მიმართა, რომ თუ ისინი შეთანხმების ტექსტს არღვევენ, ეს ღიად დააფიქსირონ და პოლიტიკურად პასუხისმგებლობის აღება ყველას მოუწევს.
ანრი ოხარაშვილის თქმითვე, ამნისტიის პროექტი “ქართული ოცნების” ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე მმართველ გუნდს არ დაუსვამს:
“თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო! მაშინ აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ბრალდებული. მე არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ეს ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.
საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ, ძალიან კარგად იცით, რომ ეს “ქართული ოცნების” ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე “ქართულ ოცნებას” არ დაუსვამს.” – თქვა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა “ამნისტიის შესახებ” მმართველი გუნდის მიერი ინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკეს, პარტია “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა.