პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციას ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს.
მისი თქმით, ეს იქნება “სახალხო იმპიჩმენტი” და ოპოზიციას, თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს უმრავლესობა აქვს, საშუალება ექნება, მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვას.
დოლიძის თქმითვე, თუ ამას საკრებულო არ გააკეთეს, მოსახლეობის 20%-ს აქვს საშუალება, მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვას:
“ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იყო არჩევნების შედეგები რეგიონებში, კონკრეტულად, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ჩანს, რომ სწორედ იმ გაყალბების ფონზე, რომელიც ადგილებზე ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ადმინისტრაციამ, ეს ქალაქები მოგებული აქვს ოპოზიციის კანდიდატებს.
ამასთან მიმართებაში ჩვენ, ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ “სახალხო იმპიჩმენტს”. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოს უმრავლესობა აქვს და ეს რაიონებია ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, საკრებულოს ოპოზიციურ უმრაველესობას საშუალება აქვს დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, თუ საკრებულო არ გააკეთეს ამას, მოსახლეობის 20%-ს აქვს საშუალება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი.
საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტის პროცესები, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საკრებულოს გადაწყვეტილება, ხელისუფლებას და ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას მისცემს სიგნალს, რომ მსგავსი ქცევა – არჩევნების ღიად მოპარვა მიუღებელია და რომ ქვეყნის მოსახელობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურად განწყობილია და რომ ვითარება ვადამდელი არჩევნებისთვის მომწიფებულია.
ანუ სახალხო იმპიჩმენტები იმ ქალაქებში, სადაც ვნახეთ, რომ მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, საშუალებაა, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ – დროა გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გზაა, რომელსაც მე ვთავაზობ ოპოზიციას და რომლის განხორციელებაში ამ მუნიციპალიტეტებში მხარში დავუდგები.” – განაცხდა დოლიძემ.
