თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამის, ზაქარია გრიგალაშვილის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის. ზაქარია გრიგალაშვილი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე ჩვენებას აძლევს.
როგორც ზაქარია გრიგალაშვილი აცხადებს, იმ პერიოდში, როცა მკვლელობა მოხდა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. საერთო ჯამში, მან პოლიციაში 17 წელი იმუშავა.
„ანა ნაცვლიშვილს კარგად ვიცნობდი, დედამისს რამდენჯერმე შევხვედრივარ შემთხვევით, ანას მამას გარდაცვალების დღეს, 22 თებერვალს შევხვდი. ანას და ლადოს ბავშვობიდან ერთმანეთი უყვარდათ. ბოლო ორი წელი საცოლედ ითვლებოდა,” – განაცხადა გრიგალაშვილმა.
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოკლულის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.
მოკლული გოგონას მამა, მამუკა ნაცვლიშვილი გრიგალაშვილის სამართალდამცავი უწყებიდან გათავისუფლებას ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნაცვლიშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას შორის შეხვედრაც გაიმართა.