LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა სხვა პროექტებზე დაიხარჯება

109

ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა სხვა პროექტებზე დაიხარჯება

ანაკლიის ნაპირდამცავი სამუშაოები შეჩერებულია. 12 მლნ ლარი, რომელიც სამუშაოებისთვის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სხვა პროექტებს მოხმარდება.

სამუშაოების შეჩერების მიზეზად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ანაკლიის პორტის დაგეგმილ მშენებლობას ასახელებს.

”ნაპირსამაგრი უშუალო კავშირშია ანაკლიის პორტთან. სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ, შეიძლება წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს ანაკლიის პორტის საინჟინრო პროექტთან. შესაბამისად საჭირო გახდება ნაპირსამაგრის დანგრევა და ეს თანხები აღმოჩნდება გადაყრილი” – განაცხადა შერგელაშვილი.

მისი თქმით, სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ელოდება და ანაკლიის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ამის შესაბამისად გააგრძელებს.

ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოების ფარგლებში ნაპირიდან 200-250 მეტრში უნდა მოეწყოს 4 წყალქვეშა ტალღმტეხი ნაგებობა ბეტონის ტეტრაპოდებით. ნაგებობის საერთო სიგრძე 1470 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა სანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟით, რომლის სიგრძე – 1500 მეტრი, სიგანე კი – 60 მეტრი იქნება.

magti 5g