LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მომდევნო ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა

121
ანაკლია

ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა  უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, დეტალურად განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე  კომპანიების დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ. სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე დაიწყებს.

სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და საინვესტიციო ტერიტორია სახელმწიფოს მფლობელობაში დაბრუნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი განაახლა, ასევე, შეიმუშავა მარკეტინგის ახალი სტრატეგია და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი შეარჩია. ყველა პროცედურის მაღალი სტანდარტით ჩატარების შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის შესახებ განაცხადი გამოქვეყნდა.

ამ პროცესის პარალელურად სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი გადაეცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც ანაკლიის ნავსადგური უნდა განავითაროს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფო იქნება 51, კერძო პარტნიორი კი – 49 პროცენტის მფლობელი.

 

პოპულალურები