არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” აზერბაიჯანული კომპანია ”სოკარის” სახით მონოპოლისტს ხედავს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ”აფბას” წევრმა ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, ქართული მხარისა და „სოკარის“ თანამშრომლობის მიუხედავად, აუცილებელია, ბუნებრივი გაზის მოწოდების საკითხში მაქსიმალური დივერსიფიკაცია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ კუთხით, ”გაზპრომთან” თანამშრომლობა შექმნის კონკურენტულ გარემოს და შეასუსტებს ”სოკარის” მონოპოლიას”.
„სოკარს“ ქართულ ბაზარზე უჭირავს გამოხატულად დომინანტური პოზიცია, არა მარტო ბუნებრივი გაზის, არამედ საწვავის ბაზარზეც. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, „სოკარი“ არაკეთილსინდისიერად იყენებს მის პოზიციებს საქართველოში, რითაც არღვევს ბაზრის მთავარ პრინციპს, შესაბამისად, ხსენებულ ბაზრებზე, ფასწარმოქმნა არ ხდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში” – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
მიისვე თქმით, ავტოგაზის ბაზარზეც ”სოკარი” ერთადერთი საბითუმო მიმწოდებელია. 2014 წელს ამ კომპანიამ საცალო ქსელში კონკურენტებს გაუზარდა მიწოდების ფასი, ხოლო საკუთარ ქსელში საბითუმო ფასი შეამცირა. შედეგად, კონკურენტი კომპანიების გარკვეული ნაწილი გაკოტრდა და საცალო ქსელში „სოკარის“ პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოში „სოკარი“ აკონტროლებს დიზელის ბაზრის დაახლოებით, 80%–საც.
”ქართული რეგულაციებით ბუნებრივი გაზის ბაზარზე, მესამე პირის ქსელზე დაშვება კომერციულ სეტორში არის დერეგულირებული, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ახალი კომპანიის და ახალი მომწოდებლის გაჩენა ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს. ამასთან კონკურენტული ფასის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგისთვის, კონკრეტულად თბოსადგურებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენტული ფასის მეშვეობით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის წარმოების თვითღირებულება შემცირდეს” – აღნიშნა გვიდიანმა.